გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„80 პროცენტიანი დამოკიდებულება გვქონდა ღვინის ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ეს რიცხვი შემცირდა 57 პროცენტამდე; ეს არის იმ პოლიტიკის და იმ ღონისძიებების დამსახურება, რასაც სახელმწიფო აკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეწარმეებთან ერთად. ჩვენ, წლების განმავლობაში, ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ვახორციელებთ შესაბამის პროექტებს, რომელშიც ჩართულია ღვინის ეროვნული სააგენტო. ყოველწლიურად, დაახლოებით, 10-12 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ ვაფინანსებთ სხვადასხვა ღონისძიებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – დეგუსტაციების სახით, გამოფენების სახით; გარდა ამისა, ჩვენ შარშან შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს ჩვენი მეწარმეებისთვის. ეს არის დამატებითი შეთავაზება მეწარმეებისთვის, რომ მათ მარკეტინგული ხარჯები ღვინის პოპულარიზაციისთვის თვითონ გაიღონ იმ კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ინტერესი აქვთ. ჩვენ მათ დავუფინანსებთ გაწეულ ხარჯებს, თუ, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მხარდაჭერაა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ მათ შეძლონ სხვადასხვა ბაზრის ათვისება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, სამინისტროში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სახელმწიფოს, ფერმების და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მეღვინეებთან. რაც შეხება პროცესს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მეწარმეებს ღვინის ბაზრის დივერსიფიცირებაში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.