ქართული ღვინო COVID-ის გავლენის ქვეშ

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის წარმოება და ექსპორტი ეკონომიკის ნაწილი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიებმა ღვინის საზღვარგარეთ გატანა მომგებიან ბიზნესად აქციეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს წილი ღვინის მსოფლიო ექსპორტში 0.5%-ია და  ღვინის წარმოების მიხედვით, ქვეყანა მეოცე ადგილს იკავებს 110 ათასი ტონა ღვინის წარმოებით.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის ექსპორტი და კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე.

ექსპორტის კარგი ტენდენცია ევროპაში მას შემდეგ შეინიშნება, რაც გაიზარდა მოთხოვნა ქართული ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოებზე და ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა მსხვილი ბიზნეს კომპანიების ქმედება, გაეზარდათ წარმოება ექსპორტის პირდაპირპროპორციულად და   ქართული ღვინო უცხო ქვეყნებისთვის სასურველი პროდუქტი გაეხადათ. გასაკვირი არ არის, რომ შემდგომში მაღალმა მოთხოვნებმა, საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდაც გამოიწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ქართული ღვინო ექსპორტზე 340-მა კომპანიამ გაიტანა. სულ საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზებულმა ქართულმ ღვინომ ქვეყანას 240 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა. ქართული ღვინის საექსპორტო გეოგრაფია 50 ქვეყანას ითვლის, გაყიდული კი 90 მლნ-მდე ბოთლია, ეს 10%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქართული ღვინის ძირითადი ბაზრებია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი, რომელთაც ზრდის მაჩვენებლით მოყვებიან ლიეტუვა, გერმანია, ბელარუსი, ისრაელი და ესტონეთი.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში საუბრობენ  ყველაზე მოთხოვნად ღვინის ხუთეულზე, რომელშიც პირველ ადგილს “ქინძმარაული” იკავებს ( რეალიზებულია 18 000 000 ბოთლი). დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან სიაში ასევე მოხვდა “მუკუზანი” , “წინანდალი” , “ახაშენი”, “ხვანჭკარა” და “ტვიში” .

პანდემიის გამო ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2020 წლის მაჩვენებლები, თუმცა იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი წლლიურ ჭრილსში 8%-ით არის გაზრდილი და 12,1 მლნ ბოთლს აღწევს. მსოფლიო კრიზისის ფონზე რაც ყველასთვის ცნობილმა COVID-19-მა განაპირობა დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, ძნელია, წინასწარ განსაზღვრო როდის დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას ექსპორტის ნიშნული, ჩაკეტილი საზღვრების და გაჩერებული ვაჭრობის ფონზე.

“ღვინის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ღვინის კონტროლის ხარისხს და მათ ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე. იანვარ-თებერვალში ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია იყო ევროპის ქვეყნებში, ასევე იაპონიასა და კანადაში. სულ ქართული ღვინო 40 ქვეყანაში გაიყიდა, ექსპორტირებულია 12.1 მლნ ბოთლი. რაც შეეხება 2020 წლის პროგნოზს, არსებული მდგომარეობის ფონზე, მსოფლიოში დღეს არავინ იცის რეალურად როდის ამუშავდება საერთაშორისო ბაზარი. ვფიქრობ, მდგომარეობა ექსპორტის ზრდის ნიშნულებს მნიშვნელოვნად შეამცირებს”, – ამბობს “ღვინის ეროვნული სააგენტოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ციცია მამულაშვილი.

მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით, ეჭვგარეშეა რომ გარკვეულ ეტაპზე ექსპორტის მიმართულების შეცვლა ბაზარზე აუცილებელ პირობაა. მაგალითად, ეროვნული სააგენტოს კვლევამ აჩვენა, რომ  2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16%-ით გაიზარდა, დსთ-ს ქვეყნებში 25%-ია. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს,  სტატისტიკა გვეუბნება, რომ რუსეთის ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულება დიდია. რუსეთს, მასთან არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვს პოტენციალი ერთ დღეში დაკეტოს საქართველოს საექსპორტო საზღვრები.

“დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ექსპორტის საკითხს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და ბაზარზე გატანა, აქედან გამომდინარე ყველა არსებული ცვლილება ჩვენზეც აისახება, ეს მოქმედებს ღვინის ფასზეც,” – აღნიშნავენ ” მეღვინეობა შილდას” პრესს სამსახურში.

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, რომლებიც არათუ საქართველოდან არამედ ევროპიდან ახდენენ ექსპორტს სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის, საფრანგეთში დაარსებული LE PONT CAUCASIENI-ს ხელმძღვანელი ილია კახოიძე ამბობს, რომ კომპანია 2015 წლის დასაწყისში დაარსდა და მთლიანად ორიენტირებული იყო საქართველოში კომპანიებთან თანამშრომლობის მიღწევასთან.

“თავიდანვე განსაზღვრული იყო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა შეგვეძინა ღვინო საქართველოში და შემდგომ გაგვეტანა საფრანგეთში, აქ კი მისი პოპულარიზაცისთვის უნდა შეგვეწყო ხელი და მოთხოვნის პარალელურად საფრანგეთიდანვე მოგვეხდინა მისი ექსპორტი. ამ დღემდე საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობდით და წელიწადში 1 მლნ-მდე ყველაზე მოთხოვნად წითელ ღვინოს ვყიდიდით. პანდემიამ გაყიდვები ნოლამდე დაიყვანა, ველოდებით სიტუაციის გამოსწორებას,” – ამბობს  ილია კახოიძე.

ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნეს და ეკონომიკურ სექტორში არიან მოწინავე კომპანიები, რომლებიც მზად არიან ყველა რისკის გაანგარიშების შედეგადად, შეუქცევად პროცესად აქციონ ღვინის საზღვრებს გარეთ გადინების პროცესი, ასეთებია: “შატო მუხრანი” , “მეღვინეობა შილდა” , “სარაჯიშვილი” ,” მეღვინეობა ხარება” , ” ქინძმარაულის მარანი” და სხვა.

1962 წელს დაარსებული კომპანია “თბილღვინო” მოწინავე იყო ბაზარზე და 2009 წელს მან N1 ღვინის ექსპორტიორის სტატუსი დაიმსახურა რომელიც ცხრა წლის მანძილზე შეინაჩუნეს, მათ მაგალითზე უნდა ითქვას, რომ ექსპორტი შესაძლოა იქცეს მომგებიან ბიზნესად.

“ჩვენი მთავარი მოტივი იყო გავმხდარიყავით მოთხოვნადი კომპანია ბაზარზე, კმაყოფილები ვართ რომ 60 წლიანი ისტორიის მანძილზე შევძელით იმ 30 ქვეყნის გულის მოგება, რომლებიც დიდი სიამოვნებით გვიცხადებენ ნდობას ჩვენ და ჩვენს პროდუქტს. წლიურად 8 მილიონ ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ და ხარისხის წყალობით აღიარებაც მოვიპოვეთ”.

American Association of Wine Economists-ის (AAWE) გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-16 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით 3 აშშ დოლარით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.

2020 წლის განვლილ პერიოდში ღვინის ექსპორტი 110 კომპანიამ განახორციელა,  ამავე წლის გაზაფხულიდან ბაზარი გაიყინა და გაყიდვები დაეცა, ექსპორტის გაუქმებასთან ერთად ქართული ღვინის მწარმოებლებს დამატებითი პრობლემა მაშინ შეექმნათ, როდესაც პანდემიის გამო ღვინისა და ალკოჰოლის სარეალიზაციო მაღაზიები დაიკეტა.

მეღვინეები იმედს არ კარგავენ და იმედოვნებე, რომ პანდემია მალე გადაივლის და ქართული ღვინო დროულად დაუბრუნდება საექსპორტო ბაზრებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წლის ბოლოსთვის მაჩვენებლები ღვინის მწარმოებლებისთვის შემცირებული იქნება.

 

თათია თათარაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში10

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …