თბილისი (BPI) – ქართველი სტუდენტები ბულგარეთში სასწავლებლად სტიპენდიას მიიღებენ, – შესაძლებლობა ქართველებს ბულგარეთში საქართველოს საპატიო კონსულის იული ნუშევის შეწირულობის საფუძველზე გაუჩნდებათ.
საპატიო კონსულმა ქართველი სტუდენტებისთვის საკუთარი სახელობის სტიპენდია დანიშნა ქალაქ ბლაგოევგრადში ამერიკულ უნივერსიტეტში ბულგარეთში (AUBG) სასწავლებლად.
ბულგარეთში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩოს საპატიო კონსული მსგავსი ინიციატივებისას ყოველთვის გვერდით უდგას საელჩოს და მისი ეს გადაწყვეტილება სტუდენტების წასახალისებლად მისაბაძია.
„ინიციატივა უნივერსიტეტსა და საპატიო კონსულს საელჩომ შესთავაზა. შეწირულობის თანხა შეადგენს 12 500 აშშ დოლარია, რაც მოხმარდება 5 საუკეთესო აბიტურიენტის პირველი კურსის თანადაფინანსებას (2 500 აშშ დოლარი თითოეულს), რომლებსაც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, საპატიო კონსულთან შეთანხმებული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს 2020-2021 აკადემიური წლისთვის“, – განმარტავს ლილუაშვილი. ელჩი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა რადგან ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პირველი წელი ყველაზე რთულია მათთვის, რადგან შემდეგ ისინი ერთვებიან სამუშაო პროგრამებში, რომლის ფარგლებში საზაფხულო არდადეგების დროს უნივერსიტეტის დახმარებით ეძლევათ შესაძლებლობა, სამუშაოდ გაემგზავრონ აშშ-ში, სადაც გამომუშავებული სახსრებით ახერხებენ სწავლისა და საკუთარი კამპუსზე ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს პირველი წლის ფინანსურ წნეხს, ამ ეტაპზე, საქართველოს ხუთ აბიტურიენტს, რომლებიც იქნებიან შერჩეულნი უნივერსიტეტის აპლიკანტთა შორის.
AUBG-ში უკვე წლების განმავლობაში იღებენ განათლებას ქართველი სტუდენტები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად რამდენიმე ათეულს შეადგენს.