სებ-ი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.

აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.

დოკუმენტში ასახულ სცენარებში ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები მსოფლიოს წაaმყვანი ცენტრალური ბანკების შესაძლო ქმედებებისა და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარი ეკონომიკის გაჯანსაღების წამყვან ფაქტორებად შიდა მოთხოვნასთან ერთად საერთაშორისო სავაჭრო და ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ აღდგენას განიხილავს, რაც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენითაა განპირობებული. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც საბაზრო განწყობის გაუმჯობესებითა და მაღალი საინვესტიციო აქტივობითაა განპირობებული. პესიმისტური სცენარი განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური პირობების გამკაცრებიდან წამოსულ წნეხს ითვალისწინებს, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებითა და პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობითაა განპირობებული. ეს კი ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებაში აისახება. აღსანიშნავია, რომ საპროგნოზო პერიოდისთვის ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები კვლავ ნარჩუნდება.

ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …