პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პროექტი ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე. (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე)
მისი თქმით, განისაზღვრა პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება.
„სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და პირებს, რომლებიც მოხვდებიან აღნიშნულ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
კონტროლის მექანიზმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები, ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშით შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანის და თანხის გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. ფინანსთა მინისტრის თქმით, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორციელება.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე და ფინანსთა სამინისტრო უკვე დაიწყებს მუშაობას საქართველოს პარლამენტთან აღნიშნული კანონპროექტის მიღებისთვის.
შემთხვევითი სიახლე
ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …