ფინანსები და ქართული კარმა

თბილისი (BPI) – ბოლო პერიოდში საქართველოს ფინანსური სექტორი ხშირად ხდება საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში, ძირითადად არც თუ ისე კარგი მიზეზების გამო – ამჟამად ყველა საუბრობს გამკაცრებული რეგულაციებზე, რომლებსაც მოჰყვა სერიოზული უკუშედეგები – ახალი ნორმები გათვლილი იყო მხოლოდ გაუაზრებელი ვალების დაგროვების შეჩერებაზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სესხის აღება გართულდა ყველასთვის  – შედეგად, კრიზისის წინაშე დგას დეველოპერული სექტორი, 50%-ით იკლო საყოფადცხოვრებლო ტექნიკის მაღაზიების გაყიდვებმა..

მოკლედ, უდარდელ მსესხებლებთან ერთად, სერიოზული დარტყმა მიიღო მთელმა ეკონომიკამ, და ეს მხოლოდ დასაწყისია.. გავიხსენოთ გლობალური კრიზისი 2008 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც იყო ბანკების მიერ დაკრედიტების მკვეთრი შემცირება – შედეგად, გაიყინა გაყიდვები, დაიწყო მაღაზიების მასიური დახურვა, შემდეგ ეტაპზე შეამცირეს წარმოება ქარხნებმა, დაიწყო პერსონალის შემცირება, და ა.შ.

ერთი სიტყვით, დომინოს პრინციპი.  თუ რამე არ შეიცვალა, წინ გველის სერიოზული პრობლემები.

თუმცა, არსებობს ერთი, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც არის დღევანდელი სიტუაციის ნამდვილი მიზეზი. ეს არაა ქართული ფინანსური სექტორის გაუმაძღრობა – რაშიც ეჭვი არავის გვეპარება, და არც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ახლომხედველობა – რაც ასევე ეჭვგარეშეა.

მთავარი, და სიღრმისეული პრობლემაა – საქართველოში ფინანსური კულტურის საოცრად დაბალი დონე..

საბჭოთა კავშირში იყო ერთ ასეთი გამონათქვამი  – „ვალი იმიტომაა ცუდი, რომ იღებ სხვისას და დროებით, აბრუნებ კი შენსას, და სამუდამოდ“.. როგორც ჩანს. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხის აღების დროს მეორე ნაწილი – დაბრუნების შესახებ – არ ახსოვთ.

ქართველებისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყო დამახასიათებელი ფულის ფლანგვის ჩვევა – თუმცა, იმ პერიოდში ეს ფული მოდიოდა თითქმის მუქთად, საკავშირო ბიუჯეტიდან, ამიტომაც ფლანგვა არ იყო საშიში. გავიდა წლები სსრკ დაიშალა, იოლი ფულის წყარო გაქრა, მაგრამ მფლანგველობის ჩვევა – დარჩა.

ფინანსური კულტურის წარმოუდგენლად დაბალი დონის გამო, ადამიანებს საქართველოში არა აქვთ ფულის ხარჯვის კულტურა. დაბალ შემოსავლებთან ერთად ეს არის კატასტროფის ტოლფასი.

ზოგჯერ დაუჯერებელიც კი არის, რომ ადამიანებმა შეიძლება გამოიჩინონ ისეთი უდარდელობა  ფულთან მიმართებაში – მარტივად, ერთი ხელის მოსმით, სრულიად დაუფიქრებლად იღებენ ვალად იმხელა თანხებს, რომ წარმოდგენაც კი ძნელია.

ზოგჯერ ეს ფული ხმარდება სასარგებლო საქმეებს – უძრავი ქონების შეძენას, ბიზნესის განვითარებას, ან სულაც, მძიმე ავადმყოფის მკურნალობას. თუმცა, საკმარისია გავაანალიზოთ 2018 წელს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ პრობლემური ვალების გასტუმრების პროგრამა, აშკარა ხდება, რომ ეს პოზიტიური მაგალითები აშკარა უმცირესობაშია – აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არის ასობით ათასი მოქალაქე, რომელმაც გაუაზრდებლად აიღო ვალად 2000 ლარზე ნაკლები.

ეს არაა იპოთეკა, ეს არაა ბიზნეს-კრედიტი, ეს არაა ლოგინად ჩავარდნილი ადამიანის მკურნალობა – ესაა მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, მანქანა, გასეირნება ზღვაზე, ქორწილი, დაბადების დღისთვის საჩუქარი, კაზინოში დახარჯული ფული.

ადამიანები ჩავარდნენ კაბალაში რაღაცა ისეთის გამო, რაც არ იყო სასიცოცხლო აუცილებლობა. დღეს ავიღებ, და ხვალ რამეს მოვიფიქრებ  – ესაა მთავარი გათვლა ასეთ შემთხვევებში. „რამეს მოფიქრება“ გადადის ახალი ვალის აღებაში, ჯერ ბანკში, მერე მიკროსაფინანსოში, მერე ონლაინში, მერე მევახშეებთან, პროცენტი იზრდება და იზრდება, და საბოლოოდ 2000-ლარიანი გასეირნება ადამიანს უჯდება ბინის ფასად.

უდაბლესი ფინანსური კულტურა, მასობრივი ახლომხედველობა, და საკუთარ სურვილებზე აყოლის ჩვევა გამოვლინდება არა მხოლოდ ვალების აღებაში.

ზოგჯერ თბილისში ტარდება ე.წ. „მოტყუებული მეანაბრეების“ აქციები. არ გეგონოთ, რომ საუბარია 90-ან წლებზე,  როდესაც კაპიტალიზმი იყო ახალი ხილი, და გამოუცდელობის გამო ადამიანები ანდობდნენ უკანასკნელ დანაზოგებს აშკარა თაღლითებს. გავიდა 30 წელი, თუმცა, სულ ტყუილად. არაფერი შეცვლილა.

ამ აქციების მონაწილეებისგან ვისმენთ საოცარ, დაუჯერებელ ისტორიებს – გაყიდულ ბინებზე,  აღებული საბანკო ვალებზე, უცხოეთში მომუშავე ნათესავების მიერ გამოგზავნილ ფულზე, ათობით ათასი დოლარის დანაზოგებზე – მთელი ეს ფული ყოველგვარი ეჭვების და დაფიქრების გარეშე მიემართებოდა ფინანსურ პირამიდებში – დღეს, 21-ე საუკუნეში

ქვეყნის კიდევ ერთი დამაქცევარია აზარტული თამაშები. ამ წვრილ-წვრილი ვალების ერთ-ერთი წყაროა – სწორედ ტოტალიზატორები და კაზინოები.

ქართველ ადამიანს შერჩა ჩვევად იოლი ფულის ფლანგვა… კაზინო კი არის არა გართობის საშუალება, როგორც ნორმალური ქვეყნებში, არამედ სწორედ იოლი ფულის შოვნის საშუალება. თუმცა, კაზინოში გამდიდრებული ადამიანი ჯერ არავის გვინახია, აი დაქცეული და გაღატაკებული – რამდენიც გნებავთ.

მცირე შემოსავლების და საყოველთაო უფულობის პირობებში, აზარტულ თამაშებზე საქართველოში იხარჯება მეტი, ვიდრე კვებაზე, ქვეყნის 50 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალში – 4-ს დაკავშირებული აზარტულ თამაშებთან, მაშინ როდესაც წარმოებასთან – მხოლოდ 3.

საქართველოს ყველაზე დაუძინებელი მტრები არიან არა პუტინი და რუსული იმპერიალიზმი, არამედ „რეალი“ და „ბარსელონა“, ქვეყნის ნამდვილი ტრაგედია არა მიწისძვრა ან ვულკანი, არამედ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

ამ სიტუაციაში, და ასეთი, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი მოსახლეობის პირობებში, სულაც არაა გასაკვირი, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა დაკრედიტების მკვეთრი შემცირება.

და როგორც ყოველთვის,  უდარდელ და უპასუხისმგებლო უსაქმურებთან ერთად ზარალდებიან მშრომელი ადამიანებიც.

ეტყობა საქართველოსთვის ეს კარმაა..

CBW.GE

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …