ტურისტული გიდებისთვის ტრენინგ-მოდული შეიქმნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით შექმნილი სპეციალური ტრენინგ – მოდულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ტურისტული გიდებისთვისაა განკუთვნილი. პრეზენტაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ქართული კულტურისა და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ღირებული და სწორი ინფორმაციის მიწოდებაში გიდები დიდ როლს ასრულებენ. ასეთ მნიშვნელოვან საქმეს კი კვალიფიციური გიდები სჭირდება. სწორედ ამ მიზნით, წელს პირველად, კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ტურისტული გიდებისთვის შესაბამისი ტრენინგ-მოდულის შესაქმნელად. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს წარმოდგენილი ტრენინგ-მოდული ბევრად უფრო კვალიფიციურს და კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოში ტურისტული გიდის ინსტიტუტს, რაც თავის მხრივ, ქართული კულტურის სწორად პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

„მართალია, მოცემული მოდულის მიხედვით ტრენინგის გავლა ამ ეტაპზე გიდებისთვის სავალდებულო არ ხდება, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია საბოლოო მიზნისაკენ. ტურისტს კვალიფიციური და საკითხის მცოდნე გიდი უნდა მოემსახუროს,” – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში  სპეციალური ტრენინგ-მოდულის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა 12-კაციანი ჯგუფის (პროექტის ხელმძღვანელი – უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის უფროსი კახაბერ ჭეიშვილი, პროექტის კოორდინატორი – უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი სალომე ჭანტურიძე) მიერ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ის აერთიანებს რამდენიმე კომპონენტიან, კომბინირებულ პროგრამას, რომელიც როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის შეძენისა და საჭირო უნარების გამომუშავებას შეუწყობს ხელს. ტრენინგ-მოდული საშუალებას მისცემს უკვე მოქმედ გიდებს ან მათ, ვისაც ამ პროფესიის დაუფლება სურს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და იყონ ამ ბიზნესში წარმატებულნი. ამავე დროს, ჩარჩო დოკუმენტი ხელს შეუწყობს გიდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი სტანდარტის შექმნას.

პრეზენტაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, პროექტზე მომუშავე ჯგუფი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე, პირველი გიდი საქართველოში, ნიკო კვარაცხელია ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …