სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს

ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.

საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

· ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;

· თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

· თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

· სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში, აგრარულ ბაზრებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით.

გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, დარეკეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …