სტუდენტური კონკურსები „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ დასასრულს უახლოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გრძელდება ციფრული კამპანია „სოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდებისთვის არაერთი აქტივობა მიმდინარეობს.

სტუდენტების რეგისტრაცია კამპანიის ფარგლებში მიმდინარე კონკურსებზე დასასრულს უახლოვდება. მსურველებმა 19 ივნისის ჩათვლით უნდა მოასწრონ ესსეების (ნარკვევების) გაგზავნა კონკურსზე, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. კონკურსის თემაა „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. პროექტს მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი. კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე (ნარკვევი) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ. ნაშრომებს სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ და 10 საუკეთესო ესეს (ნარკვევს) დაასახელებენ. ნაშრომები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა www.aa.ge და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/AAFacility. 3 საუკეთესო ესეს ავტორს კი გადაეცემა 150 ევროს ეკვივალენტის ღირებულების ვაუჩერი. გამარჯვებულები 2020 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავზე გამოვლინდებიან.

ესსეების კონკურსის გარდა, დღესვე, რეგისტრაცია სრულდება კვლევითი პროექტების კონკურსზეც, რომელიც ასევე სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვისაა განკუთვნილი. ონლაინ კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება ასოცირების შეთანხმების თემაზე, კერძოდ კი შეარჩინო სპეციფიკური თემებიდან ერთ-ერთი:

  1. COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე
  2. დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს

სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს ორ საუკეთესო საპროექტო წინადადებას, რომელთა განხორციელების შედეგად მიღებული საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. გამარჯვებული საპროექტო წინადადებების ავტორები, არაფულადი ჯილდოს სახით, მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას, ან კვლევისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას  500 ევროს ოდენობით.

კონკურსში – ‘ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის’ – მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, ან სტუდენტთა ჯგუფს. მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.aa.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …