თბილისი (BPI) – „პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ სერიოზული გავლენა მოახდინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის 4.5-პროცენტიანი ზრდისა და ზომიერი (3%-იანი) ინფლაციის პროგნოზის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანწილად შეამცირეს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის ეფექტი ჯანდაცვის სექტორსა და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე,“ – წერს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ფეისბუქ-პოსტში.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება 9.0 პროცენტით და იქნება 16758.1 მლნ. ლარი, ხოლო გადასახდელები, პირიქით, იზრდება 15.5 პროცენტით და მიაღწევს 18384.5 მლნ. ლარს. მზარდმა სოციალურმა, სამედიცინო ხარჯებმა ეკონომიკის შეკუმშვისა (2020 წელს – არანაკლებ 5%-ით) კვალობაზე გამოიწვია სახელმწიფო ვალების ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსათვის მშპ-ის 9.1 პროცენტს მიაღწევს, თუმცა უკვე 2021 წელს იგი 7.6%-მდე შემცირდება და 2023 წლისთვის დაუბრუნდება ოპტიმალურობის ზღვრულ, 3%-იან ნიშნულს – ძირითადად, 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი საშუალო წლიური ტემპების (5.5%) საფუძველზე. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის დაახლოებით 4-5 პროცენტით „დაამძიმა“, ხოლო ეკონომიკისათვის მიყენებული პირდაპირი ზარალი მშპ-ის არანაკლებ 20-25 პროცენტია.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, კონკრეტული სოციალური ჯგუფების მიმართ დახმარების პაკეტის შენარჩუნების მაგისტრალურ ხაზი გაგრძელდება პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებამდე, დროის კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული გამოწვევების მასშტაბებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
ექსპერტმა ხელისუფლების ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ეტაპის 1.4-მილიარდიანი პაკეტიდან, რომელიც ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ივნისამდე გაგრძელდება, სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება:
• უშუალოდ სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ინფიცირებულთა მკურნალობისთვის, ტესტებისა და ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციისათვის და ა.შ. ჯამში ეს თანხა დაახლოებით 450 მილიონი ლარი იქნება;
• მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისათვის, მათ შორის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისა და უშუალოდ ფულადი ფორმით სხვადასხვა კატეგორიის სოციალური დახმარებებისთვის. ამ პაკეტში მოიაზრება ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციებიც იმ პირთათვის, რომლებსაც მოუწიათ საქმიანობის შეწყვეტა წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების გამო. ჯამში, 540 მილიონი ლარი;
• სახსრები ბიზნესის მხარდაჭერისათვის – საშემოსავლო გადასახადის შეღავათი, ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისაგან მთლიანად განთავისუფლება (რომ არა ამ დარგში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, ჩვენ უკვე 2020 წლის სექტემბრიდან გვექნებოდა მშპ-ის აბსოლუტური ზრდის ტენდენცია), იპოთეკური სესხების სუბსიდირება სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, მცირე მეწარმეთა საგრანტო მხარდაჭერა და ა.შ. ჯამში, 430 მილიონი ლარი.
ექსპერტმა ცალკე გამოყო დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება, რის შედეგად 150 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაუბრუნდება 4 მილიარდ ლარზე მეტი.
საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საბიუჯეტო კაპიტალური ხარჯები შენარჩუნდება მშპ-ის დაახლოებით 8 პროცენტის ფარგლებში.
2021 წლის საბიუჯეტი ხარჯების დაახლოებით მეექვსედი – 2.6 მილიარდი ლარი – მიმართული იქნება საპენსიო უზრუნველყოფაზე.
მთლიანობაში, 2021 წელის საბიჯეტო სახრსების მაგისტრალური მიმართულება კოვიდ-19-ით მიყენებული ზარალის დაძლევისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა იქნება. აღნიშნულის გათვალისწინებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 711 მლნ ლარით და შეადგენს 5 563 მლნ ლარს, რაც მთელი საბიუჯეტო ხარჯების 43.5 პროცენტია.
„ამ გლობალურად რთულ პირობებში საქართველო არ არის მარტო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აგრძელებენ მისდამი მხარდაჭერას, რომლის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს სსფ-ის მიერ დეკემბერში დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დროული დამტკიცება წარმოადგენს არა მარტო ახლად არჩეული პარლამენტის რიგით პროცედურულ აქტს და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის, მოსახლეობის დაცვისა და ღონისძიებათა პაკეტის დროული ამოქმედების პირობას, არამედ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობისა და პოლიტიკურ აქტიორთა სახელმწიფოებრივი პასუხსმგებლობის დონისა და ცნობიერების სიმწიფის კრიტერიუმსაც,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.