სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ და ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ლიბერთი , სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2019 წელსაც აგრძელებს. მემორანდუმის თანახმად, ბანკი, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრისა და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული 2 საოჯახო ტიპის სახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აანაზღაურებს.

აღნიშნული მემორანდუმი, კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ლიბერთი სოციალური მომსახურების სააგენტოს გამორჩეული პარტნიორია და უკვე მეოთხე წელია, ქვეყნის მასშტაბით, არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების მიმართ, მით უფრო როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. დიდი მადლობა ლიბერთის ამ თანადგომისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებით და ხარისხიანად უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ.

2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 44 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 186 ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.

,,მოხარული ვართ რომ წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ვიზრუნოთ მათზე ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა. ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალურ ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე მუდმივი ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება წარმოადგენს.

მომავალში, ამ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომლის წარმატებული განხორციელება მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვის მაგალითი გახდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით’’ – აღნიშნა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …