სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება არის იმ ინფლაციური კომპონენტის კომპენსაცია, რაც მოიტანა პანდემიამ – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, 2022 წლის განმავლობაში,  იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები  ქულა) ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირების შესახებ არის სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს  მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება სწორედ იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც  ეს რეალურად ესაჭიროებათ და ყველაზე მეტად წაადგებათ.

„მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის დეკემბერში,  კოვიდ-პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება. 2020-ში და 2021-ში, სხვადასხვა პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდებოდა სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა, ეს სუბსიდია ყოველთვის იყო მიბმული მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, განპირობებული იყო, ასე ვთქვათ, რთული ეკონომიკური ვითარებით – იყო პანდემიის პიკი, ახალდაწყებული იყო კოვიდ-პანდემია და იყო, რა თქმა უნდა, იყო გამართლებული ჩვენი მიდგომა, მაგრამ, ზოგადი ხედვა არის ის, რომ ასეთი სუბსიდია უნდა იყოს უფრო მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ეს ყველაზე მეტად წაადგება” – აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან, ამ შემთხვევაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, იმიტომ, რომ სხვადასხვა კომუნალური ხარჯი ერთნაირად უსიბსირდებოდათ როგორც შეძლებულ, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს.

„ამიტომ, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და, კონკრეტულად, ტარიფების სუბსიდირება, ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი და მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია. ეს იქნება სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნომერ პირველი გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის ინფლაციური პროცესების შესამსუბუქებლად, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დასუბსიდირდება. კერძოდ, სუბსიდირება შეეხება ელექტროენერგიის ძველსა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას. მიმდინარე წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას.

სუბსიდიის ახალი პროგრამის შესაბამისად, მიზნობრივ ჯგუფებს დაუსუბსიდირდებათ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …