სილქნეტმა ევრობონდებით 300 მლნ დოლარი მოიზიდა

2022 წლის 31 იანვარს სილქნეტმა, საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, 300,000,000 აშშ დოლარის 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ გამოაცხადა.

2019 წლის პირველ ემისიასთან შედარებით, ახალი ევრობონდები სილქნეტმა 100 მლნ აშშ დოლარით მეტი მოცულობით გამოუშვა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 11-დან 8.375%-მდე შემცირდა, რაც რეგიონის სხვა მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ვოდაფონ უკრაინასა და თურქ ტელეკომის მაჩვენებლების დონეზეა და სილქნეტის საინვესტიციო მიმზიდველობაზე მიუთითებს.

სილქნეტის ახალ ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სილქნეტის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა.

გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება, საერთაშორისო ბაზრებზე სილქნეტისა და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ ერთი დასტურია. მინდა მივულოცო სილქნეტის გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, ევრობონდების წარმატებული განთავსება. მოზიდული თანხებით კომპანია გააგრძელებს ქვეყანაში საუკეთესო სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და განვითარებას.“

დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა წარმატებით განახორციელა ახალი ობლიგაციების გამოშვება და კომპანიამ მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსი. 2019 წელს ევრობონდების პირველი ემისიის შემდეგ, სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქსელის მოდერნიზაციაში, საქართველოში ერთადერთმა დანერგა გიგაბიტ LTE – 4.9G მობილური ქსელი. ასევე, წარმატებით დავასრულეთ IT ტრანსფორმაციის 2-წლიანი პროცესი. ახალი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გავაგრძელოთ კომპანიის განვითარება და ჩვენი აბონენტებისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლე და ინოვაცია დავნერგოთ.“

გამოშვებული ობლიგაციებიდან მოზიდული სახსრებით მოხდება არსებული ვალდებულებების რეფინანსირება და კომპანიის შემდგომი განვითარების დაფინანსება. ობლიგაციების ემისიის ბუქრანერები ერთობლივად იყვნენ JP Morgan და UBS, ასევე თანამმართველი იყო თიბისი კაპიტალი. Dentons სილქნეტის, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal – თანამმართველების იურიდიული მრჩევლები იყვნენ.

სილქნეტის შესახებ

სილქნეტი ქვეყნის წამყვანი ფიქსირებული და მობილური ქსელის სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ოჯახებსა და ბიზნესს სთავაზობს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, როგორებიცაა მობილური მომსახურება, ფიქსირებული ინტერნეტი, მაუწყებლობის ტრანზიტი და ფიქსირებული ტელეფონია.

სილქნეტს მინიჭებული აქვს მუდის (Moody’s) B1/სტაბილური და ფიტჩის (Fitch) B/სტაბილური საკრედიტო რეიტინგები.

საქართველოს მასშტაბით სილქნეტს ჰყავს:

  • დაახლოებით72მილიონიმობილურიქსელისაბონენტი
  • დაახლოებით 197,000 ფიქსირებულიქსელისაბონენტი
  • დაახლოებით293,000 ფიქსირებულიინტერნეტისაბონენტი
  • დაახლოებით226,000 მაუწყებლობისტრანზიტის აბონენტი

(მონაცემები წარმოდგენილია 30/09/2021 მდგომარეობით; წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; მაუწყებლობის ტრანზიტი არ მოიცავს მობილური სტრიმინგის აპლიკაციის მომხმარებლებს)

სილქნეტი კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ჯგუფის, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია.

წინამდებარე პრეს რელიზი არ წარმოადგენს ობლიგაციების შეთავაზებას შეერთებულ შტატებში. ობლიგაციები, რომელსაც წინამდებარე პრეს რელიზი ეხება, არ დარეგისტრირებულა აშშ 1933 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ აქტის შესაბამისად („ფასიანი ქაღალდების აქტი“) და მათი შეთავაზება ან გაყიდვა არ შეიძლება განხორციელდეს შეერთებულ შტატებში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის მოთხოვნიდან გამონაკლისის არსებობის გარეშე ან თუ ტრანზაქცია არ ექვემდებარება რეგისტრაციას ფასიანი ქაღალდების აქტის შესაბამისად. ობლიგაციების საჯარო შეთავაზება არ მოხდება შეერთებულ შტატებში.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …