„სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა” – გიორგი ფანგანი

გიორგი ფანგანი: „სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა. კომისია უმსხვილეს ღონისძიებას – ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს, 2026 წელს უმასპინძლებს”.
 პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ფორუმის მასპინძლობის შესახებ პრეზენტაცია და საინფორმაციო რგოლი წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მაღალი რანგის დელეგატებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. ფორუმს ესწრებოდა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია. გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მონაწილეებს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიების ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიის განვითარების მნიშვნელობაზე.
„მაღალი კონკურენციის პირობებში, სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა, რაც არის არა მხოლოდ სემეკის, არამედ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დიდი გამარჯვება და სემეკის, როგორც წარმატებული მარეგულირებელი უწყების აღიარება მსოფლიო მასშტაბით. მარეგულირებელ ორგანოებსა და ენერგეტიკის პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ სამართლიანი მიდგომების, კონკურენციის, ინოვაციების ხელშეწყობისა და მდგრადი ენერგეტიკის სტანდარტების დანერგვაში. შესაბამისად, ყველა ძირითადი მოთამაშის ეფექტური თანამშრომლობა, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნების ენერგეტიკული მიმართულებების მუდმივი განვითარება“.აღნიშნა გიორგი ფანგამა.
 2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
 ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.