საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში ქუთასის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სემეკი გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში. მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.
„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი როგორც განათლების მიღებისა თუ კვლევების წარმოების, ასევე სტუდენტებისათვის სწავლის პროცესში შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხითაც. როგორც სემეკის თავმჯდომარე, გამოვთქვამ მზადყოფნას მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები სტუდენტებს, რათა მათ გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა სემეკში, ადგილზე გაეცნონ მარეგულირებლის სპეციფიკას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების პრინციპებს. ვფიქრობ, აღნიშნული კიდევ დაეხმარება სამომავლო კარიერული მიზნების უკეთ ჩამოყალიბებაში იმ სტუდენტებს, რომლებიც ენერგეტიკის ან წყალმომარაგების სექტორებში გეგმავენ საქმიანობას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.