სემეკის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს რიგით მე-8 ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმში, რომელიც პერუში, ქ.ლიმაში გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, სადაც 40-მდე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, განიხილეს მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკაში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა წარადგინა პრეზენტაცია 2026 წელს საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის შესახებ, რომელსაც სემეკი უმასპინძლებს.
2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები. ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.