სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების შეუსრულებლობის გამო, კომპანიებმა მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით 275 695 ლარი გასცეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2022 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, სემეკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე საერთაშორისო პროექტებზე, სატარიფო რეგულირებასა და 2023 წლის გეგმებზე.

სემეკის თავმჯდომარემ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წელს კომისიაში სემეკში კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი შევიდა. წლის განმავლობაში, სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა.

„2022 წელს, ისევე როგორც სხვა წლებში, სემეკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების შეუსრულებლობის გამო, კომპანიებმა მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით 275 695 ლარი გასცეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხითაც. მათ შორის, გავრცელდა პირველი კლასის კომუნალური ხაზობრივი ნაგებობების შეთანხმების სპეციალური წესი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ამოქმედდა დადგენილება „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესის” შესახებ, დამტკიცდა წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გაანგარიშების წესი, წყალმომარაგების კომპანიებს დაეკისრათ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი პირველი ჭის ჩათვლით წყალარინების ქსელის მოვლის, მის ფლობისა და ექსპლუატაციის ვალდებულება. სემეკი ინტენსიურად აგრძელებს კომუნალური სერვისების გამარტივებასა და ხელმისაწვდომობაზე მუშაობას. ამ კუთხით გამორჩეული იქნება 2023 წელი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს გააცნო განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით სემეკის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი მექანიზმები. მისი თქმით, სწორად სემეკის ამ მიდგომებიდან გამომდინარე, 2022 წელს ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გაორმაგდა. „2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 694 სადგური, მათ დადგმული ჯამური სიმძლავრე 35 მეგავატამდეა. ბაზარზე შემოვიდა პრემიუმ კლასის მცირე ქარის სადგურებიც და ვფიქრობ, 2023 წლისათვის ნეტო აღრიცხვაში ჩართული ქარის ტურბინების რაოდენობა გაიზრდება “, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …