სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით, საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა და ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე.

ენერგეტიკული კლუბის გახსნას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, არასამთავრობო, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას. კლუბის ფარგლებში გაიმართება რეგულარული შეხვედრები, სადაც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, მოწვეულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

“ევროკავშირის მხარდაჭერით, სემეკმა შეძლო განეხორციელებინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილები საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებში და ვთანამშრომლობთ არაერთ ენერგეტიკულ უწყებასთან. კავშირების გაფართოვება და გარკვეული ინტენსივობით საქართველოში უცხოელი კოლეგების, ინვესტორების მოწვევა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებასა და გაზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …