სელიმ ჩეკერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება

თბილისი (BPI) – ვფიქრობთ, სტრუქტურული რეფორმების წყალობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩეკერმა ფონდის მიერ გავრცელებული რელიზის კომენტირებისას.

მისი თქმით, 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა ტურიზმის სექტორის დივერსიფიცირებამ, დაკრედიტების ტემპის ზრდამ, მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზებამ, რომელიც მიმართულ იქნა კაპიტალური ხარჯების გასაზრდელად.

„უნდა აღინიშნოს ის პოზიტივი, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასულ წელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 4.6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. წინასწარი შეფასებით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი ეს იყო ტურიზმის სექტორის მდგრადობა. საქართველომ შეძლო ამ დარგის კიდევ უფრო დივერსიფიცირება. მთავრობამ მოახერხა მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა, რამაც რეკორდულ ნიშნულს – მშპ-ს 8 პროცენტს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო მოთხოვნა დაწია კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე, რამაც გამოიწვია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდა. ყველაფერმა ამან განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს. პარლამენტში შედის გადახდისუუნარობის კანონპროექტი, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქეყანაში ბიზნესგარემოს. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ პენსიების ინდექსაციაზე, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ – განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, 2020 წელი საქართველოსთვის საარჩევნო წელია და მნიშვნელოვანია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა გახანგრძლივებულია ერთი წლით. პროგრამას აქვს თავისი მიზნები. ვიმედოვნებთ, საქართველო შეასრულებს ამ მიზნებს და მიაღწევს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მოახდენს ინფლაციის შემცირებასა და შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას,“ – განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სეილმ ჩაკერმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …