სებ-ში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

თბილისი (BPI) – ფინანსური განათლების წლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და 2019 წლის ძირითადი ამოცანები განიხილეს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უძღვებოდა. 

სხდომაზე ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც  იმ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფებსა და ძირითად აქტივობებს განსაზღვრავს, რომელთა განხორციელებაც უახლესი წლების განმავლობაში იგეგმება.

კომიტეტის დღევანდელ  სხდომაზე ასევე დამტკიცდა  ის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები, რომლებიც 2017-2018 წლებში მართვის კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განვითარდა: „ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო”, „ფინანსური განათლების პროექტებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების მაღალი დონის პრინციპები” და „ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო.”

კომიტეტის მუშაობაში ძირითად წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, „შემნახველი ბანკების ფონდიდან საერთაშორისო თანამშრომლობისთვის” (SBFIC), Finance in Motion-ის საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. ამას გარდა, შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” (Junior Achievement Georgia) წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომიტეტის ორი პროექტი წარუდგინეს, რომელთა მთავარი მიზანიც ახალგაზრდებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობაა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. სტრატეგიის ფარგლებში 2017 წელს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება და ფინანსური განათლების ცალკეული პროგრამებისა და სტრატეგიის დახვეწა-დანერგვის კუთხით რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …