სებ-მა უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, ეს მისი მანდატი და  კონსტიტუციური მოვალეობაა – ირაკლი კოვზანაძე

“ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, ეს მისი მანდატი და კონსტიტუციური მოვალეობაა”-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ ერთადერთი წნეხი რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია არის მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უზრუნველყოს ინფლაციის შენარჩუნება მის მიერვე განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) ფარგლებში.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ინფლაცია რჩება საქართველოს ეკონომიკის და ჩვენი მოსახლეობის მთავარ პრობლემად, მთავარ გამოწვევად.

„შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია და განაპირობა მაღალი ინფლაცია, რა როლი ითამაშა ფასების საერთო დონის ზრდაში ენდოგენურმა თუ ეგზოგენურმა ფაქტორებმა, ერთჯერადმა გადაწყვეტილებებმა, მაკრო, მიკრო, თუ ფისკალურმა ღონისძიებებმა, მაგრამ ეს ცვლადები საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, მოსახლეობას აწუხებს და ადარდებს ფაქტი – მაღალი ინფლაცია (!), მოსახლეობას აწუხებს ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების 30-40%-ით გაზრდა”-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს სესიაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა კოლეგებს მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ დოკუმენტს.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …