სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე შეინარჩუნა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 9%-ზე დატოვა.

ბანკის გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა.

“2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა გაცვლითი კურსიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. დეკემბერში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით გამყარდა, რამაც ინფლაციაზე ზრდის წნეხი შეამცირა, თუმცა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ გაუფასურებულ დონეზე რჩება. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დაკრედიტების მაღალი ზრდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მაჩვენებლების დინამიკა დამატებით ინფლაციურ წნეხს შექმნის, ეს შეიძლება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობა გახდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე მითითითებულია, რომ ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად ზაფხულის ჩავარდნისა, გასული წლის ოქტომბრიდან ტურისტული შემოსავლების წლიური ცვლილება კვლავ დადებითი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელსაც გაგრძელდა წინა წლების ტენდენცია და მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 18 მარტს ჩატარდება.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …