საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „ტურიზმის შესახებ” კანონპროქტზე იმსჯელეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, წინანდალში, ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ტურიზმის  ასოციაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ორი დღის განმავლობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, „ტურიზმის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ მსჯელობა გაიმართა, რომელიც 6 ძირითად თემას მოიცავს:

1.            ტურისტული გიდები;

2.            ტურისტული საქმიანობის რეგისტრაცია;

3.            ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ტურიზმის კანონით სამოგზაურო პაკეტის და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ დირექტივა და მისი ასახვა კანონპროექტში;

4.            მაღალი რისკის ტურისტული საქმიანობების რეგულირება;

5.            დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO);

6.            ტურიზმის ცალკეული სახეობების (მიმართულებების) რეგულირების მიზანშეწონილობა;

„ტურიზმის შესახებ მოქმედი კანონი ვერ აკმაყოფილებს სექტორში არსებულ გამოწვევებს. ახლა მიმდინარეობს კანონის ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროპის კანონმდებლობასთან. ასევე, არის გამოწვევები ბიზნესის უფრო სტაბილურად განვითარების მიმართულებით. კერძოდ, ის რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მიმზიდველი უცხოელი ტურისტებისთვის, მაქსიმალურად იყოს დაცული ტურისტის უსაფრთხოების კომპონენტი და აგრეთვე, კერძო სექტორი და ბიზნესის ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. შესაძლებლობა ჰქონდეს სექტორს განვითარდეს სტაბილურად და ყველა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებით, რომლის გამოწვევაც დღეს  ბაზარზე არსებობს”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ტურიზმის შესახებ კანონის პროექტის განახლებაზე და დახვეწაზე ფართო ჩართულობით მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„რადგან ამ პროცესის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ ტურიზმის კერძო სექტორი ისე, რომ არ მოხდეს დარგში მკაცრი ჩარევა და რეგულირება. ამავე დროს შემოვიტანოთ მეტი ევროპული სტანდარტი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც იქნება ხელშემწყობი დარგის გაძლიერებისთვის. ამავე დროს ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სერვისის გაუმჯობესებას, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების უფლებების დაცვას,”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის სფეროს კერძო სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …