საქსტატი ტურიზმის სატელიტური ანგარიშების წარმოებას იწყებს

2014 წლიდან საქსტატი ახორციელებს ადგილობრივი ტურიზმისა და უცხოელ ვიზიტორთა გამოკვლევებს, ასევე 2019 წლიდან – გამყვანი ტურიზმის გამოკვლევას. აღნიშნული გამოკვლევების საფუძველზე შესაძლებელია ტურიზმის სტატისტიკის ძირითადი ინდიკატორების წარმოება.

ტურიზმის სტატისტიკის მიმდინარე გამოკვლევები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეფუძნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2008 წლის გამოცემას – „საერთაშორისო რეკომენდაციები ტურიზმის სტატისტიკისთვის“ (UNWTO IRTS 2008[1]). აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგიურ საკითხებზე მუშაობისას, საქსტატი მჭიდროდ თანამშრომლობდა ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე შვედეთის, ავსტრიის, დანიისა და ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურები.

საქართველოში გამყვანი ტურიზმის გამოკვლევის დანერგვის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ტურიზმის სატელიტური ანგარიშების (TSA) წარმოების საკითხი, რომელიც წარმოადგენს სტანდარტულ სტატისტიკურ ჩარჩოს და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტების გაზომვის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს. იგი შემუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროსტატისა და გაეროს სტატისტიკის სამმართველოს მიერ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გამოცემა „ტურიზმის სატელიტური ანგარიშები: რეკომენდირებული მეთოდოლოგიური ჩარჩო 2008“ (ასევე ცნობილი როგორც TSA: RMF 2008) უზრუნველყოფს განახლებულ საერთო კონცეპტუალურ ჩარჩოს TSA-ს ასაგებად. იგი ეფუძნება ეროვნული ანგარიშების სისტემის (SNA 2008) კონცეფციებს, ცნებებს და განმარტებებს, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნული ეკონომიკური საქმიანობის სისტემატური შეჯამების საერთაშორისო სტანდარტს.

ამრიგად, TSA წარმოადგენს ტურიზმის სტატისტიკის ჰარმონიზაციისა და შეჯერების შესაძლებლობას და აერთიანებს 10 ძირითად ცხრილს:

♦ უცხოელ ვიზიტორთა დანახარჯები;

♦ ადგილობრივი ტურიზმის დანახარჯები;

♦ გამყვანი ტურიზმის დანახარჯები;

♦ შიდა ტურიზმის დანახარჯები;

♦ ტურისტული ინდუსტრიების საწარმოო ანგარიშები;

♦ მთლიანი დამატებული ღირებულება და მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან;

♦ დასაქმება;

♦ ინვესტიციები;

♦ სახელმწიფო მოხმარება;

♦ არაფულადი მაჩვენებლები.

საქართველოში ტურიზმის სატელიტური ანგარიშების პირველი ოთხი ცხრილის შემუშავება გათვალისწინებული იყო ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქსტატმა დანიის სტატისტიკის სამსახურთან ერთად განახორციელა.  პროექტის ფარგლებში საქსტატი აქტიურად თანამშრომლობდა ასევე ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტებთან და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რამაც უზრუნველყო საქართველოში ტურიზმის სატელიტური ანგარიშების შესაბამისი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 2020-2021 წლების გარკვეული კვარტლების განმავლობაში, საქსტატის მიერ უცხოელ ვიზიტორთა და გამყვანი ტურიზმის გამოკვლევები დროებით შეჩერებული იყო. შესაბამისად, ტურიზმის სატელიტური ანგარიშების პირველი ოთხი ცხრილით გათვალისწინებული მაჩვენებლების გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა 2019 წლის მონაცემები. ამასთან, ცალკეული მაჩვენებლების არარსებობის გამო, საჭირო გახდა ხარჯების ცალკეული კატეგორიის ექსპერტული შეფასება და იმპუტაცია. შედეგად, აღნიშნული ცხრილები წარმოადგენენ ექსპერიმენტალური მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ ცხრილებს.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დროებით შეჩერებული გამოკვლევების განახლებისა და შესაბამისი ინსტრუმენტარის დახვეწის შემდეგ, საქსტატს ექნება საერთაშორისოდ შესადარისი მონაცემების წარმოების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პირველი ოთხი ცხრილის შემუშავება, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია სრულყოფილი ტურიზმის სატელიტური ანგარიშების შემუშავებისთვის. ამასთან, საქსტატი უახლოეს მომავალში გეგმავს დანარჩენი ცხრილების შედგენის მეთოდოლოგიაზე მუშაობის დაწყებას, რაც უზრუნველყოფს ტურიზმის სატელიტური ანგარიშების შემდგომ განვითარებას და გაუმჯობესებას.

[1] https://www.geostat.ge/media/13394/SeriesM_83rev1e.pdf

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …