საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტსა“ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში, საქპატენტი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ერთობლივ საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა ტიპის პროექტებს განახორციელებენ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა და დოკუმენტს ხელი საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს.
სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით, სახელმწიფო ენის ათწლიანი ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) გათვალისწინებით, საქპატენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდება ტრენინგების ციკლი სხვადასხვა ენის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის ახალი წესების შესახებ. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება უწყების თანამშრომლებს უზრუნველყონ საქართველოში სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციისას, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელებისას სახელმწიფო ენაზე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განმტკიცება.
„საქპატენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად დგას უცხო ქვეყნის განმცხადებლების სახელწოდებების ტრანსლიტერაციის მეთოდით ქართულ ენაზე ჩაწერის საკითხი“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნინო ჩიქოვანმა. გიორგი ალიბეგაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართულ ენაში არსებულ პრობლემატიკასა და ტრანსლიტერაციის ერთიანი წესების დადგენის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაუსვა, დამატებით სხვა ენებიდან ტრანსლიტერაციის წესების შემუშავების აუცილებლობას.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში სახელმწიფო ენის დაცვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის რეკომენდაციების გაცემა, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის მართებულ გამოყენებასა და დაცვას.