„საქართველოს ავიაცია: ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე“- ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა საავიაციო უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა გახსნა. პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო საქართველოს ბიზნეს და კომერციული ავიაციის სექტორის ზოგად მიმოხილვას. ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში ავიაციის კუთხით ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა.
,,საქართველო, ბოლო პერიოდში რეგიონში ავიაციის კუთხით, ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი, რომელსაც უდიდესი შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები გააჩნია. ყველაზე დიდი დარტყმა ავიაციამ COVID 19-ის დროს განიცადა, რამაც სექტორი დაახლოებით 10-15 წლით უკან დახია. თუმცა, საქართველოში მგზავრთნაკადის აღდგენის დინამიკა იმაზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა საავიაციო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ. პანდემიის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზარზე შემოვიყვანეთ საქართველოსათვის სრულიად ახალი ავიაკომპანიები და საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებებს,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული და უცხოური ავიაბაზრის შესახებ პრეზენტაციები საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, ავიაკომპანია VIP AVIATION წარმომადგენელმა, ასევე, რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ წარმოადგინა.
საქართველოში ღონისძიება ბრიტანული კომპანია AEROPODIUM-ის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საავიაციო მიმართულებით კონფერენციების და სემინარების ჩატარების გამოცდილება მსოფლიოს 37 ქვეყანაში აქვს. კონფერენციას კომპანიების “JSSI” – ის და “IALGD”-ის მხარდაჭერით, საავიაციო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიებაში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური ავიაკომპანიები მონაწილეობდნენ. მათ, შორის ახლახანს დაარსებული ქართული ავიაკომპანია AIR IVERIA, რომელიც ბაზარზე ოპერირებას 2024 წლიდან გეგმავს.
შემთხვევითი სიახლე
ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …