თბილისი (BPI) – საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაცია“ (GABA) 2020 წლის 2 ოქტომბერს დაფუძნდა და აგრარული სექტორის მსხვილი წარმომადგენლების გაერთიანება უკვე დაიწყო.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის“ უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს მსხვილი ბიზნესის სოფლის მეურნეობით დაინტერესებას.
ასოციაციის ძირითადი მიზნებია:
- სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წილის გაზრდა, არსებული ბიზნეს ერთეულების გაფართოება-გამსხვილება, მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა;
- აგარობიზნესში ჩართული კომპანიების, კოოპერატივების, ფერმერების და სოფლის მეურნეობით და კვების ინდუსტრიით დაინტერესებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ბიზნეს პლატფორმის შექმნა;
- აგრარულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, კაპიტალის კონცენტრაციის გაზრდის ხელშეწყობა;
- სოფლის მეურნეობის და კვების ინდუსტრიის მწარმოებლურობის გაზრდის ხელშეწყობა;
- პასუხისმგებლიანი აგრობიზნესის მხარდაჭერა გარემოსცადვითი და სოციალური მიმართულებებით;
- კონკურენტული ბაზრის პრინციპების მხარდაჭერა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფართოების მაქსიმალური ხელშეწყობა;
- მეცნიერულ ცოდნასა და თანამედროვე მიდგომებზე, კვლევებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ბიზნესის მხარდაჭერა.
GABA-ში განმარტავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიცირება, დადებითი ნეტო ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19 პანდემიამ.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, სექტორში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, რამაც ხელი შუწყო საექსპორტო წარმოების გაზრდას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას, ინვესტიციების ზრდას, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე. თუმცა, გამოწვევები აგრარული სექტორში მაინც ბევრია, მათ შორისაა, ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილების დეფიციტი; მიწის რესურსების დაბალი კონცენტრაცია და გამოყენების დაბალი მაჩვენებელი; კოოპერაციის მცირე რაოდენობა; პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმართაობა; შრომის დაბალი მწარმოებლურობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი; არასაკმარისი თანამედროვე ტექნიკა და სხვა.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში“ ამბობენ, რომ სწორედ ამ გამოწვევების შედეგია ზრდის დაბალი მაჩვენებელი და მნიშვნელოვნია არსებული რეალობის რადიკალური შეცვლა – მნიშვნელოვანია გაიზარდოს აგროსექტორის მწარმოებულურობა, საჰექტრო მოსავლიანობა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა.
„ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია კაპიტალის კონცენტრაციისა და ინვესტიციების ზრდა, აგროსექტორი კი უნდა გახდეს ბიზნეს ორიენტირებული. მსხვილი კაპიტალის შემოსვლა გაზრდის მწარმოებლურობას, განავითარებს საშუალო და მცირე ბიზნესს, შექმნის ახალი მიწოდების ჯაჭვებს. მსხვილი კაპიტალი და ბიზნესი ძლიერი საბაზრო ძალაა, რომელიც განვითარებაზე, მოგებაზე და ინოვაციებზეა ორიენტირებული და ასეთივე ორიენტირს მისცემს სოფლის მეურნეობას“, – განმარტავენ ასოციაციაში.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად ქვეყანას სჭირდება:
- მსხვილი ბიზნესი, რომელიც მზად არის განახორციელოს ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში;
- კოოპერატივები, რომლებიც მზად არიან მოახდინონ სოფლად არსებული რესურსების სინერგია და გახდნენ უმნიშვნელოვანის რგოლი მთლიან ჯაჭვში;
- ფერმერები, რომლებიც ქმნიან უნიკალურ, ექსკლუზიურ პროდუქტებს და საფუძველს უყრიან ახალ მიმართულებებს;
- ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ქმნიან სექტორზე მორგებულ ახალ და ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს;
- სამეცნიერო და საგანამნათლებლო ინსტიტუტები, ახალი ცოდნის დანრეგვისათვის, ახალი იდეების გაცნობისათის, ახალი კადრების აღზრდისათვის;
- სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ქმნიან ჯანსაღ და სამართლიანი ბიზნესგარემოს, მუდმივად სრულყოფენ ინფრასტრუქტურას.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტია მიხეილ ჭკუასელი, პირველი ვიცეპრეზიდენტი კი ირაკლი ჩიქავა.
ახალდაფუძნებული ასოციაცია აერთიანებს აგროსექტორის მსხვილ ბიზნეს ერთეულებს, კოოპერატივებს, საინვესტიციო ფონდებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასოციაციებს და პროფესიულ გაერთიანებებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.