საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი – ირაკლი ნადარეიშვილი

„პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის ქვეყანაში არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ორგანიზება ინსტიტუციურ დონეზე და ის მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ევროკავშირმა და წარმატებით დაინერგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, არის სწორედ ამ გამოწვევების წარმატებით გადაწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „პროფესიული უნარების სააგენტოს” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სასტუმრო „ბილტმორში” გამართულ ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა როგორც პროფესიული განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ასევე იმ პროექტებზე, რომლებსაც ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებს.

„საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი და შრომის ბაზარზე არსებული შეუსაბამობა იმ უნარებს შორის, რომელიც კერძო სექტორის მიერ არის მოთხოვნილი და რომელიც მას მიეწოდება. ქვეყანაში ხორციელდება მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის, ძალიან აქტიურია ეკონომიკის სამინისტრო უფრო მიზნობრივი, დარგობრივი მიმართულებებით, მაგალითად, IT სექტორის კუთხით ხდება რამდენიმე ათასი ადამიანის გადამზადება, ასევე ტურიზმის სექტორში – მიკრო და მცირე მეწარმეების გადამზადება, გვაქვს სამომავლოდ დაგეგმილი სხვა პროგრამები მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნესუნარების ასამაღლებლად, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ქვეყანაში კვალიფიციური, მაღალი პროფესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების მქონე კადრებზე არსებული მოთხოვნების უზრუნველყოფას” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი შეფასებით, პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნება კერძო და საჯარო პარტნიორობის ძალიან კარგი მაგალითია და ეს იქნება სწორედ წარმატების ფორმულა, როდესაც კერძო სექტორი უშუალოდ იქნება ჩართული როგორც სააგენტოს მართვაში, ასევე პროგრამების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

პროფესიული უნარების სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებას და ეფექტურ კოორდინაციას. საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება, რომლის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სააგენტო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის ახალ მოდელს გვთავაზობს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …