საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 31 მარტისთვის 17,8 მლრდ დოლარია

თბილისი (BPI) – საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი (48.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.1 პროცენტია. 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 23.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სებ-ის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (20.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.9 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 376.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 810.3 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 886.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (28.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.2 პროცენტია.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები   8.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 376.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.