თბილისი (GBC) -საქართველოს ბანკმა, თანამშრომლებისთვის, ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის Facebook-ის ბიზნეს საკომუნიკაციო პლატფორმა, შეიძინა და დანერგა.
დღეიდან მთელი ბანკის მასშტაბით ამოქმედდა თანამედროვე და მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საკომუნიკაციო პლატფორმა. დინამიური საკომუნიკაციო არხი ქმნის თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით, ბანკის თანამშრომლები ორგანიზაციის შიგნით არსებული ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვასა და უკუკავშირის მიღებას შეძლებენ. საქართველოს ბანკის Workplace-ი ინტერაქციული და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკის Workplace-ი საერთო ინტერესების ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. “ნიუსფიდი” კი, რომელიც facebook-ის მსგავსი ტრადიციული კედელია, თანამშრომლებს პლატფორმის სქროლვისას ამ თემატურ ჯგუფებში ატვირთული სიახლეების ოპერატიულად გაცნობაში ეხმარება. Workplace მყისიერი ჩატი, “ლაივ-ვიდეო”, კითხვა-პასუხის სესიები, ივენთები, კოლეგების მარტივად მოძიებისა და მათთან ეფექტური კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა. თანამშრომელთა ინტერესზე მორგებული პლატფორმით სარგებლობა არასამუშაო საათებში, საკუთარი მობილური ტელეფონებით არის შესაძლებელი. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემებზე.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი არის ერთერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციურ შიდა პლატფორმას გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით ნერგავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის 7000 თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებლის ინტერესები, საჭიროებები. პლატფორმის დანერგვის მიზანია, საქართველოს ბანკის თითოეულ წევრს შეუქმნას ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც საერთო ინტერესების მქონე კოლეგების აღმოჩენის, მათთან კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა. Workplace არის ძალიან კარგი პლატფორმა თანამშრომლებთან ერთად სამუშაო დღის გუნდურად დაგეგმვისა და ყველა იმ სიახლისა თუ საინტერესო აქტივობის გაზიარებისთვის, რაც კომპანიის შიგნით თუ მის გარეთ ხდება. Workplace ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ აქტიური, უშუალo, ღია კომუნიკაცია არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ დირექტორატთან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, Workplace-ის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. თავად ფეისბუკი Workplace-ის პირველად ვერსიას 2011 წლიდან იყენებდა, თუმცა, ოფიციალური ვერსია 2016 წელს შეიქმნა. დღესდღეობით Workplace-ს 85 000 ორგანიზაციის 10 მილიონამდე ადამიანი იყენებს, მათ შორის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Walmart, Spotify, Starbucks, Heineken, Chevron, Booking, Oxfam, YES Bank.