თბილისი (BPI) – ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში.
2019 წლის საუკეთესო ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია და ადასტურებს თიბისის მიერ მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.
„მოხარული ვართ, რომ Global Finance-ის კიდევ ერთი ჯილდო მივიღეთ. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს, პროგრესს ციფრული სტრატეგიის განვითარების კუთხით და გუნდის ძალისხმევას, ბანკის მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება და პროდუქტები. წლის ბოლოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგების მიღწევას ველით“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თანამედროვე მომხმარებელი უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს ფინანსური მომსახურების პროვაიდერებს. მათ მოეთხოვებათ თითოეულ მომხმარებელზე მორგებული, მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურების გაწევა რეალურ დროში“, – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯარაპუტომ, ჟურნალ „Global Finance“-ის მთავარმა რედაქტორმა.
საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის 50,050-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance“-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. გამოცემამ თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად აღიარა 2004, 2006, 2007 და 2012-2019 წლებში.