“ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა მიმართულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რკინიგზა ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს – 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ამ სარკინიგზო ხაზზე 56,4%–იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩვენ შევძლებთ უკეთესად ვისარგებლოთ ამ ხაზით, როდესაც ის სრულად ამოქმედდება,” – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ტრანსკასპიურ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
„პროექტში მონაწილე ქვეყნები შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა პროექტი მალე დასრულდეს და შესაბამისად, მისი გამტარუნარიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ასევე შევთანხმდით პროცედურების გამარტივებაზე, რაც ხელს შეუწყობს ამ მაგისტრალზე ტვირთების ინტენსიფიკაციას და მარტივ მოძრაობას,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტერიალზე აღინიშნა, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვებს აზიასა და ევროპას შორის. გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმასაც, რომ პროექტში მონაწილე სამივე ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული სარკინიგზო ხაზის განზრახულ სიმძლავრეებზე გასასვლელად.
მინისტერიალზე, ნათია თურნავამ თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ ოქმს ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის შესახებ.