სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სპეციალისტთა დელეგაცია პოლონეთის რკინიგზის სისტემის საქმიანობას გაეცნო

სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (Twinning project) „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ ფარგლებში შეხვედრები გამართა პოლონეთის ინფრასტრუქტურისა და ფონდების განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროებსა და პოლონეთის სარკინიგზო უწყებების (პოლონეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერი (PKP PLK S.A.), სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის სახელმწიფო კომისია, ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტების ცენტრი (CEUTP) და სხვ) წარმომადგებლებთან. ექსპერტთა ჯგუფი გაეცნო პოლონეთის სარკინიგზო სისტემის საქმიანობას, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით.

პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ანდრჟეი ბიტელთან შეხვედრისას, საუბარი წარიმართა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სფეროში, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის გამოცდილების შესწავლა, რომელმაც შედარებით მცირე ხნის წინ განახორციელა სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმა, რაც საქართველოში იგეგმება. ითქვა, რომ დღეს პოლონეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სარკინიგზო სისტემა აქვს და ლიდერთა შორისაა ტრანსპორტის ამ სახეობით ტვირთების გადაზიდვის მიხედვით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოს რკინიგზის რეფორმის ეფექტურად განხორციელების მიმართულებით. დაძმობილების პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველი კომპონენტის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს შესწორება და განახლება. მეორე მათგანი ითვალისწინებს გამართული, ეროვნულ დონეზე რეგულირებული სარკინიგზო ბაზრის/სექტორის შექმნას. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ის ემსახურება რკინიგზის შესაბამისი უწყებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ პარტნიორებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ყველა აქტივობა უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …