სამომავლოდ, ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოქტომბერში, 2019 წელთან შედარებით უკვე მაღალი საბაზო ეფექტის გამო გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი – თიბისი კაპიტალი

პანდემიის მეოთხე ტალღამ ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე აგვისტოში ნეგატიურად იმოქმედა, რასაც თიბისი კაპიტალში ისრაელიდან ვიზიტორების შემცირებას უკავშირებენ. თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მოლოდინების შესაბამისად, სექტემბერში ისრაელიდან ზრდა აღდგა, მთლიანობაში კი ტურისტული შემოდინებები დაახლოებით იმავე დონეზე დარჩა და აშშ დოლარში გამოხატვით 2019 წლის სექტემბრის 50.8% შეადგინა.

“სამომავლოდ, ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოქტომბერში, 2019 წელთან შედარებით უკვე მაღალი საბაზო ეფექტის გამო გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ასევე თვალსაჩინოა არარეზიდენტების ბოლო კვირის უნაღდო ხარჯებიდანაც. სექტემბრის გზავნილების დინამიკა ასევე მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო და წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა”, განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

ტურიზმისა და გზავნილებისგან განსხვავებით, სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებმა მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ასევე მოლოდინებთან შედარებით ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, ბუნებრივია, მაღალმა ზრდამ სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია.

მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების თვიური ცვლილების ჯამმა უარყოფითი, დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სხვა პერიოდებისაგან განსხვავებით, ამავე თვეში ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულ 60 მილიონ აშშ დოლართან შესადარია. ამასთან, ჩვენი აზრით არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები უფრო იყო ლარზე ზეწოლის მიზეზი, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების მიხედვით დაანგარიშებული დეფიციტი. აღნიშნული, რეკორდულად მაღალი საპროცენტო მიუხედავად, აგვისტო-სექტემბერში ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების გაცილებით უფრო მეტ ზრდაში ჩანს, რაც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ოქტომბერშიც გაგრძელდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო დაკრედიტებაც აღდგენილია. არადა ფაქტობრივად, პანდემიის დროსაც კი, ლარის კურსი ხშირად სესხების სავალუტო კომპოზიციის ცვლილებასთან უფრო არის კავშირში, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის დინამიკასთან.

“ლარის მხრივ, გასულ კვირაში ასევე საყურადღებო იყო თურქული ლირის გაუფასურება. უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი? ისტორიული კავშირის მიუხედავად, ჩვენი აზრით აუცილებლად არა, შემდეგი არგუმენტების გამო: პირველი, ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა. მეორე, თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს. მესამე, ლარს ლირასთან მიმართებით გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული. მეოთხე, მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება. ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი (იხ. 15 მარტის მაკრო მიმოხილვა). მეხუთე, ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს და მეექვსე, თუმცა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი – უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, არ ვფიქრობთ, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია მულტისავალუტო კალათის უპირატესობები, ლირისა და რუბლის ჩათვლით, როგორც სესხების, ასევე დაზოგვის კუთხით”, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის კვლევაში.

შემთხვევითი სიახლე

 ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულება ძლიერდება

ლიბერთიმ ახალი კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო წარადგინა. მისი მთავარი გმირები ბანკის …