საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება

მინდა აღვნიშნო ხაზგასმით – საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის დეტალურად განვმარტო – საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა, როგორც აღვნიშნე საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ. აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს – ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური ემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლებიდა ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები ყველანი მოახდენენ 50 000-დე ვაკანსიის მობილიზებას. წელს ჩვენ შესაძლოა, 100 000-ზეც კი გავიდეთ. ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი. პროგრამას განახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ, სექტორში, დასაქმების ფორმალიზება რომ მოახდინოს. ან პროფესიული მომზადების და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს.

მინდა აღვნიშნო ხაზგასმით – საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც, ვფიქრობთ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა ჩვენი ვარაუდით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ, 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, ისინი უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ ადამიანებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …