სავალუტო ბაზარზე ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას – BAG-ი განცხადებას ავრცელებს

თბილი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბოლო დღეებში ლარის შემდგომ გაუფასურებას და შიდა სავალუტო ბაზარზე შექმნილ არასტაბილურ კონიუნქტურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას. ლარის დევალვაცია, განსაკუთრებით განგრძობითი ხასიათის, რასთანაც გვაქვს საქმე ბოლო წლების განმავლობაში, აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას: ასეთ დროს მცირდება მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია და სხვა.  ამასთან,  მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლარის დევალვაცია პრობლემას უქმნის ბიზნესის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს (მაგალითად, მარტო იმპორტიორებს). სინამდვილეში, ზარალდება ყველა, რადგან ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, შესაბამისად მცირდება კომპანიების შემოსავლები, უარესდება ფინანსური უწყისები, უარესდება ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები და სხვა. აქვე, ძალზედ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკას გაუფასურებული კურსის შედეგად ჯერ-ჯერობით იმპორტის ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.

ჩვენთვის, ბუნებრივია, კარგად არის ცნობილი ის ფაქტიც, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა, მათ შორის ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა და შესაბამისად ნეგატიური მოლოდინები და სხვა.

თუმცაღა, ვფიქრობთ, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას. ლარის გაცვლითი კურსი, უკანასკნელი წლების განმავლობაში გახდა ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და, შესაბამისად, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი და ლარის ყოველი მომდევნო გაუფასურება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს და ეკონომიკას, მის როგორც რეალურ, ასევე ფინანსურ სექტორს.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების ძალისხმევით უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის პროგრამებისა და დახმარებების გაწევა და ფინანსური რესურსების მიწოდება, რასაც, თავის მხრივ, ჰქონდა და აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ეკონომიკაზე. ამასთან, ყველა ამ ტიპის დახმარება ხორციელდება ლარებში უცხოეთიდან მიღებული სავალუტო სახსრების კონვერსიის გზით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს უცხოეთიდან მოზიდული სავალუტო რესურსების ბაზარზე მიწოდება მიმოქცევის არხებში გაზრდილი ფულადი მასის სტერილიზაციის მიზნით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს, 2019 წლის მსგავსად, ეროვნული ბანკის მიერ დაფინანსებული ლარის სესხების ზრდაც ასრულებს. ამ საკმაოდ რთულ პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID 19-ით გამოწვეული უპრეცენდენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო, ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება.

შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია მეტი პროფესიული დისკუსია ყველა იმ მხარის ჩართულობით, ვისაც შეუძლია, საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს სავალუტო ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღების საქმეში. შესაბამისად, გამოვთქვამთ მზადყოფნას საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან, ნებისმიერ ფორმატში, პროფესიულ და კვალიფიციურ დონეზე გავაგრძელოთ დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად. შედეგად, მინიმუმ პანდემიის პერიოდში, უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები, რომლებიც დააბრუნებს სავალუტო ბაზარს წონასწორობის მდგომარეობაში და ძალიან მძიმე დარტყმას ააცილებს ქართულ ბიზნესს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სათათბიროს მიერ, რომელიც მაღალი კლასის ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, მუდმივად მუშავდება სხვადასხვა მექანიზმები, რაც, სხვა დამატებითი ღონისძიებების პარალელურად, რომელთა შემუშავებაც მოხდება  საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, ვფიქრობთ, უზრუნველყოფენ, როგორც გაცვლითი კურსისა და ფასების სტაბილურობას, ასევე ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …