თბილისი (BPI) – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1125.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასებია შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18%).
საინტერესოა, რომ 2018 წლის მონაცემებით გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ კაცებს (1360.6 ლარი), ვიდრე ქალებს (851.9 ლარი)
დღეისათვის შრომის საფასურს საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის 38% იღებს. სტაბულური შემოსავლების გარეშეა დარჩენილი შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 12-13%.
რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით სომხეთში? სომხეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მინიმალური ხელფასი სომხეთში 55 ათასი დრამი ანუ დაახლოებით 115 დოლარია. ყველაზე მაღალანაზღაურებად სფერო სომხეთში ისევე როგორც საქართველოში ფინანსური სექტორია. საშუალო თვიური ხელფასი აქ დაახლოებით 350 – 370 ათასი დრამი ანუ 700-850 დოლარია. ბანკირების,სდაზღვეო სექტორის, ბროკერების, ტრეიდერების და საკრედიტო კონსულტანტების მსგავსად მაღალი ანაზღაურება აქვთ სამთო მოპოვებით სფეროში დასაქმებულებს. მინიმალური ხელფასი აქ 340 ათას დრამიდან, ანუ 700 დოლარიდან იწყება.
მაღალი ანაზღაურების გამო 2019 წელს სომხეთში საკმაოდ პოპულარული გახდა საკონტრაქტო სამსახური შეიარაღებულ ძალებში. მაგალითად, სომხეთის არმიის რიგითი ჯარისკაცის( კონტრაქტით მომსახურე) ანაზღაურება ყოველთვიურად 250 დოლარია. საშუალო რანგის ოფიცერი ყოველთვიურად 191 280 დრამს, ანუ 400 აშშ დოლარს იღებს. 580 ათასი დრამი, დაახლოებით 1200 დოლარია გენერლის ხელფასი.
გაცილებით დაბალია ხელფასები მომსახურების სფეროში. სასტუმროებსა და ჰოსტელებში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 180-200 დოლარიდან იწყება. ანალოგიური სიტუაციაა სოფლის მეურნეობაში. 180 – 200 დოლარია ხელფასი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. სამაგიეროდ, დიდი ანაზღაურება აქვთ IT სპეციალისტებს. ამ სფეროში საშუალო ხელფასი 380 ათასი დრამიდან იწყება და 400 ათას დრამს, დაახლოებით 800 -900 დოლარს აღწევს.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს მინიმალურმა ანაზღაურებამ აზერბაიჯანში 538,8 მანათი, დაახლოებით 316 დოლარი შეადგინა. ყველაზე მაღალ ანაზღაურებას აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სექტორში დასაქმებულები იღებენ. საშუალო გამომუშავება აქ 3 185.2 მანათს ( დაახლოებით 1 800 აშშ დოლარი) უტოლდება. ( 2 200 $ – სახელმწიფო სექტორი, 2 200$ – კერძო სექტორი) სომხეთისა და საქართველოს მსგავსად მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა ფინანსური სექტორიც – 817 დოლარი სახელმწიფო სექტორში, ხოლო 934 დოლარი კერძო სექტორში. ანაზღაურების თვალსაზრისით მესამე ადგილზე არიან, სამეცნიერო ტექნიკური სფეროს წარმომადგენლები. საშუალოდ 562 $ თვეში. საგულისხმოა,რომ გასული წლის მონაცემებით, ოფიციალურად ხელფასს აზერბაიჯანში 1 538.2 მილიონი ადამიანი იღებს. აქედან 887.2 ათასი სახელმწიფო სექტორს ყავს დაქირავებული, 651 ათასი კერძო სექტორს. ყველაზე მაღალანაზღაურებად ანუ ნავთობისა და გაზის სექტორში საერთო ჯამში 33,6 ათასი ადამიანია დასაქმებული.
cbw.ge