საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.41%-ით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი აპრილისათვის 37.10 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 531.63 მლნ ლარით, ანუ 1.41%-ით ნაკლებია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.36%-ით ნაკლები). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 1.02 მლრდ ლარით, ანუ 6.24%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.34%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 488.62 მლნ ლარით, ანუ 2.30%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.47%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 40.60 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.14 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.57 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.99% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.06%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.81%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.65%, ხოლო ევროს წილმა 15.97% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …