თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განვითარებას და ეკოლოგიური ტურისტულ-სარეკრეაციო ზონად ქცევას გეგმავს.
განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე მზადაა. დაგეგმარებული ტერიტორიის ფართობი 350 ჰექტარია, აქედან კურორტი ციხისძირი – 180 ჰა-ს, დაბა ჩაქვი – 170 ჰა-ს მოიცავს.
პროექტი ითვალისიწნებს ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას. იგეგმება სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადაადგილება ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი. მოეწყობა ახალი საბაგირო.
„რეგულირების გეგმა აქ არსებული ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს. მოსახლეობისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და ეკოლოგიური საარსებო გარემოს შეიქმნება.
ეკოლოგიურად სუფთა გარემო, როგორც კურორტის მთავარი მახასიათებელი უპირობოდ უნდა იქნას სწორად გამოყენებული, რისთვისაც ტერიტორიაზე გადაადგილება ელექტრომობილების საშუალებით განხორციელდება.
აღნიშნული უნიკალური ტერიტორია ეფექტურად განვითარდება და გვექნება კიდევ ერთი მიმზიდველი საკურორტო ზონა, რაც აჭარაში ჩამოსული ტურისტებისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღი, საინტერესო ატრაქცია გახდება“- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.