თბილისი (BPI) – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებით 7 ჩარტერული რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით ავიაკომპანია Fly Jordan-ის განაცხადზე ნებართვა დადგენილი ვადებით დროულად გასცა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიამ დამატებითი არარეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელებაზე სააგენტოს 21-25 აგვისტოს შუალედში მიმართა.
„ნებართვის გაცემის პარალელურად, საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაიმართა დამატებითი კონსულტაცია, რომლის შედეგადაც, ქართულ ავიაკომპანიას არ ექნება შეფერხება ანალოგიური ნებართვების მიღებასთან დაკავშირებით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ავიაკომპანია „Fly Jordan“-ზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაიცა 54 რეისის განხორციელების ნებართვა. ავიაკომპანიის მხრიდან შესრულდა 26 რეისი და მისივე ინიციატივით გაუქმდა 16 რეისი. გაცემული ნებართვის ფარგლებში, „Fly Jordan“-მა უნდა შეასრულოს 12 რეისი, ხოლო 21-25 აგვისტოს შემოტანილი განაცხადებით ითხოვდა დამატებით 7 სიხშირის შესრულებას. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დადგენილ ვადებში, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში.
საქართველოსა და იორდანიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ეყრდნობა ლიბერალურ პრინციპებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა არაერთი იორდანიული ავიაკომპანია (Jordanian Royal Wings, Royal Falcon Airlines, Air Arabia Jordan და Fly Jordan) ყოველგვარი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების შექმნის გარეშე“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Fly Jordan-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, დაუდგენელი მიზეზით საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის ნებართვას აღარ აძლევს ავიაკომპანია FLY JORDAN. „ეს დიდი ოდენობით მატერიალურ ზიანს აყენებს როგორც ავიაკომპანიას, ასევე საქართველოს ეკონომიკას და, შესაბამისად, მოსახლეობას“, – განმარტავდნენ კომპანიის წარმომადგენლობაში.
კომპანიის ცნობით, მორიგი ფრენა Fly Jordan-ს და იორდანიულ კომპანიას DALLAS TRAVEL AND TOURISM საქართველოში (ბათუმში) 30 აგვისტოს აქვს დანიშნული.