რუსული გავლენების კვალდაკვალ – საქართველოს უნივერსიტეტი კონფერნეციას მასპინძლობს

თბილისი (BPI) – საქართველოს უნივერსიტეტი და ახალი ეკონომიკური სკოლა კონფერენციას მასპინძლობს თემაზე – “რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში”.

კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები; სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები; კულტურა, ნორმები და ფასეულობები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.

კონფერენციაზე მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები განიხილავენ რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის დაბრუნებაზე.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რასაც კონფერენცია ეძღვნება, რუსეთის გავლენა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებზე. აქ ჯამდება დღევანდელი მიმდინარე ვითარება, ხდება ანალიზი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მუდმივი რისკის ქვეშ ვიმყოფებით”, – განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, გიული ალასანიამ.

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათს სკოლის დირექტორის ნათია კალაძის განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტმა გააზრებულად მიიღო გადაწყვეტილება, კონფერენცია მიეძღვნა რუსული გავლენებისთვის და საკითხი დაეყოთ ოთხ ძირითად მიმართულებად, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

“ვამაყობთ, რომ ვართ პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩაეტარებინა ასეთი ტიპის ღონისძიება”, – აცხადებს ნათია კალაძე და აღნიშნავს, რომ კონფერენცია იმ კვლევის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც უნივერსიტეტი უკვე ბოლო 8 თვეა ატარებს, რაც გულისხმობს რუსული ეკონომიკური გავლენების დადგენას.

კვლევა სამ ფაზიან ნაწილს მოიცავს, პირველია ეკონომიკური ფაქტორების დადგენა, შემდგომია თუ როგორ ახდენს გავლენას ეს ფაქტორები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მესამეა უკვე მედიის ნაწილი.

“ჩვენ გვგონია, რომ ეკონომიკური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ეკონომიკაშია დიდი წილი რუსული კაპიტალი და ამის მზარდი ტენდენციაა. რა თქმა უნდა ეკონომიკური ფაქტორები შემდგომ განსაზღვრავს სხვა ფაქტორებს, რამაც ჩვენ შესაძლოა პრობლემის წინაშე დაგვაყენოს, მათ შორის პოლიტიკურ ჭრილშიც და ამავდროულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიამ აიღოს ის როლი და პასუხისმგებლობა, რაც მას გააჩნია და კიდევ უფრო მეტად, გაასმაგებულად უნდა ებრძოლოს ყალბ ინფორმაციას, პროპაგანდას, რათა თავად არ აღმოჩნდეს ამ პროპაგანდის იარაღი”, – აცხადებს ნათია კალაძე.

კონფერენცია 20-ზე მეტ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციების პოლიტიკოსებს, მკვლევარებსა და ანალიტიკოსებს მასპინძლობს.

მათ შორის, მოწვეული სპიკერები არიან, მაიკლ კარპენტერი- ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში; ჯეფრი მანკოფი- CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი,რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი , ექსპერტი უსაფრთხოების და რუსეთის საგარეო ურთიერთობების საკითხებში; ბრაიან ვიტმორი- ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი; ლუკ კოფი- ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. „ნატო-საქართველო: ა.შ.შ და ევროპული ინტერესი“ წიგნის ავტორი; ანდრეას უმლანდი- გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი; კრასენ სტანჩევი- მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში; ზიგიმანტის პავილიონისი- ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი და ა.შ.

საქართველოს უნივერსიტეტი სამუშაო ვიზიტით ამერიკაშიც იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებს როგორებიცაა: New York Times, Harvard University Davis Center for Russian and Eurasian Studies, Center for Strategic and International Studies, Kennan Institute Wilson Center, Digital Forensic Research Lab; Gettysburg College; Taft University, Fletcher School of Law and Diplomacy.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …