როგორ განისაზღვრება მელიორაციის სექტორში სატარიფო მეთოდოლოგია

როგორც უკვე ცნობილია 2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ფუნქცია-მოვალეობა ორი მიმართულებით განისაზღვრება. პირველ რიგში, კომისია  სექტორში სატარიფო მეთოდოლოგიას შეიმუშავებს, მეორე მხრივ კი   განსაზღვრავს   წესებს,  რომელიც მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს.

ცხადია იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად როგორი მეთოდოლოგიით განისაზღვრება მელიორაციის სექტორში ტარიფები ჯერ ნაადრევია, თუმცა როგორც  სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე აცხადებს, ტარიფების მეთოდოლოგია განისაზღვრება ისე, რომ არსებულმა გადასახადმა მინიმუმ მელიორაციის კომპანიის საოპერაციო ხარჯების დაფარვას შეუწყოს ხელი.

„სატარიფო მეთოდოლოგიას აქვს ორი მდგენელი. ერთი არის ის, რომ განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, კომპანიისთვის გარკვეული ტიპის ხარჯების ანაზღაურება მოხდეს, მეორე მხრივ კი ტარიფის სტრუქტურა, უნდა იყოს სიგნალის მიმცემი მომხმარებლისთვის, რათა მათ სწორედ და ეფექტიანად მოახდინონ წყლის რესურსის გამოყენება. რაც შეეხება ხარჯების დაფარვის ნაწილს, ტარიფის მეთოდოლოგიამ როგორც მინიმუმ მელიორაციის კომპანიისთვის საოპერაციო და მოვლა-შენახვისთვის საჭირო ხარჯები უნდა დაფაროს“.განაცხადა გიგა ნადირაძემ.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მომავალი წლიდან მელიორაციის სექტორში იქნება არა მხოლოდ ფიქსირებული, არამედ დაემატება ცვლადი ტარიფებიც, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფერმერების მიერ აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას.

„დღეს ვინაიდან მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი არსებობს სექტორისთვის, ჩვენ გვინდა, რომ შემოვიღოთ ცვლადი გადასახადიც კუბურ მეტრთან მიმართებაში, რომ წავახალისოთ ფერმერების მიერ აღრიცხვის სისტემების მოწესრიგება, რათა მათ დაზოგონ წყალი და შესაბამისად უფრო ნაკლები თანხა გადაიხადონ.“ – აცხადებს გიგა ნადირაძე.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მელიორაციის სექტორში ტარიფები ბოლოს  2011 წელს დადგინდა, რომლის მიხედვითაც, ფერმერები ჰექტარზე წლიურად 75 ლარს იხდიან.  იმ ფონზე, როცა 12 წელია ტარიფები არ შეცვლილა, ცხადი ხდება, რომ საქართველოს მელიორაციის კომპანიას ფინანსურ ნაწილში პრობლემები ექმნება. ამ ყველაფრის ფონზე კი კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 80%-ს დღესდღეობით სახელმწიფო ასუბსიდირებს. ახალი ტარიფების შემოღების პარალელურად  შესაძლებელი ხდება ამ მაჩვენებლის შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების შემდგომი ინვესტირება სარწყავი სისტემების  ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …