საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია ის წესები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სისტემაში აბონენტად უნდა დარეგისტრირდეს. ახალი ნორმატიული აქტის შესაბამისად შემუშავდა მომსახურების საფასურის გადახდის წესებიც.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, კომერციული ბანკის, სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალებით, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი მაინც უნდა იძლეოდეს საკომისიოს გარეშე გადახდის შესაძლებლობას. ამასთან, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ახალი ნორმატიული აქტის მიხედვით, მომხმარებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილ ვადაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან ქვითარი. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის დადგომამდე მიიღოს დამატებითი გონივრული ზომები მომხმარებლის გასაფრთხილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ქვითარში მითითებული ვადის დაცვით, მიმწოდებელი ვალდებულია, გადახდის ბოლო ვადის მომდევნო
დღეს გააფრთხილოს მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და განუსაზღვროს მას მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა
იყოს გადახდის ბოლო ვადიდან 2კალენდარულ დღეზე ნაკლები. ხოლო თუკი მომხმარებელი სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეწყვიტოს მომხმარებლის წყლით მომარაგება.
ნორმატიული აქტით ასევე განისაზღვრა, რომ მომხმარებელს უფლება აქვს, წინსწრებით გადაიხადოს მომსახურების საფასური. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც აღემატება ქვითარში მითითებულ მომსახურების საფასურს, აისახება მომხმარებლის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით და მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული იქნება მომდევნო
დარიცხვის პერიოდის/პერიოდებისთვის მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება მიმწოდებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. გარდა ამისა, მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებულ ვადაში მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნით ან/და საკუთარი ინიციატივით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაეთანხმება გადახდის ეტაპობრივ გეგმას, იგი ვალდებულია, შეასრულოს მისგან გამომდინარე ვალდებულებები.