როგორ აისახება კორონავირუსის შედეგები ქვეყნის ეკონომიკაზე – G&T რამდენიმე სცენარს განიხილავს

Galt&Taggart-ი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების შემთხვევაში მის ეკონომიკაზე გავლენის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რამდენადაც სხვადასხვა არასასურველი სცენარის განვითარების შემთხვევებსაც უშვებს.

საინვესტიციო ბანკი იმედოვნებს, რომ ვირუსი გლობალური პანდემიის სახეს არ მიიღებს და ეკონომიკები გამოცოცხლდება. თუმცა ამ ეტაპზე საუბრობს, რომ მსოფლიოში გაურკვევლობა გრძელდება და რთულია ზუსტი შეფასებების გაკეთება.

Galt&Taggart-ი წერს, რომ საქართველოს ეკონომიკას გლობალურ და რეგიონულ შოკებთან გამკლავების ბევრი წარმატებული მაგალითი აქვს. მათ შორის საინვესტიციო ბანკს მოყავს შარშან რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვა, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა 2019 წელს 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე სწრაფი ტემპით 5.2%-ით გაიზარდა.

სახეზეა ახალი რისკი – კორონავირუსი. ამ ეტაპზე ძნელია ზუსტი შეფასებების გაკეთება თუ რა გავლენა ექნება ამ ვირუსს საქართველოს ეკონომიკაზე: 1) აიკრძალა ფრენები ჩინეთთან და ირანთან, მაგრამ საქართველოს ამ ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი საგარეო შემოსავლები არ აქვს და გავლენაც სუსტი იქნება, 2) მაგრამ თუ ვირუსმა გლობალური ეკონომიკის შემცირება გამოიწვია (რასაც ამ ეტაპზე ვარაუდობენ), მაშინ ეს ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსი მოკლევადიანი გამოწვევა იქნება, თუმცა თუ ვირუსი გახანგრძლივდა და მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა, მაშინ გარკვეული საფრთხეები სახეზე იქნება:

1. ვირუსის ხანგრძლივობის მიუხედავად ნეგატიური გავლენა ტურიზმზე მოსალოდნელია. საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და ირანთან. ამ ქვეყნების წილი
მთლიან ვიზიტორებში და ტურიზმის შემოსავლებში მცირეა და ყოველთვიურად ფრენების აღდგენამდე მცირე შემოსავლები დაგვაკლდება. თუმცა, ვირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო,
სავარაუდოდ სხვა ქვეყნის ვიზიტორებიც შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან და შესაბამისად ტურიზმის დანაკარგები გაიზრდება. თუმცა წინასწარ ძნელია ამ პოტენციური დანაკლისის
პროგნოზირება.

2. ამასთან, ტურიზმის შემცირების შემთხვევაში ასევე მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა უძრავ ქონებაზე. ამ კუთხით მოსალოდნელია გაყიდვების შენელება, მათ შორის უცხოელების მხრიდან.
შესაბამისად, მოსალოდნელია ბინათმშენებლობის შენელება, თუმცა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება მშენებლობის სექტორის კლებას გარკვეულწილად შეანელებს.

3. ვირუსის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასები ეცემა, რაც საქართველოს როგორც ნავთობ-იმპორტიორი ქვეყნისთვის ხელსაყრელია. თუმცა, ნავთობის ფასების მნიშვნელოვან
შემცირებას უარყოფითი ეფექტიც აქვს, რადგან რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდება ფულადი ნაკადების შემოდინება. შესაბამისად, ჯამური გავლენა შეიძლება უარყოფითიც იყოს,
როგორც ეს 2015-16 წლებში იყო.

4. ტურიზმის შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება ლარზე უარყოფითად აისახება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები (რეზერვები, პოლიტიკის განაკვეთი, და სხვ.)
რომ შეაკავოს ლარის ზედმეტი გაუფასურება, რომელიც საზიანო იქნება ეკონომიკისთვის.

5. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის გახანგრძლივების შემთხვევაში მსოფლიო სასაქონლო ფასები შემცირდება, შესაბამისად საქართველოში ფასების მკვეთრ ზრდას არ ველით,
რასაც ასევე სუსტი მოთხოვნაც შეაკავებს.

6. ტურისტული შემოსავლების მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნიათ შესაბამისი ბერკეტები, რომ ეკონომიკური ზრდა დადებითი დარჩეს 3%-ის ფარგლებში. მთავრობას აქვს საკმარისი ფისკალური სივრცე – მთავრობის ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი დაბალია და ამ პარამეტრების პირობებში უკვე გააჩნია ბუფერი 700 მლნ ლარის ოდენობით. ამ ფულს 2020 წლის ბიუჯეტის კანონით მთავრობა დეპოზიტზე აგროვებს და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მისი გამოყენება და ეკონომიკის წახალისება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …