თბილისი (BPI) – გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლოს დასრულდება, რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. პროექტის ბიუჯეტი 50 მლნ ლარია.
რეაბილიტაციის დაწყებამდე მომზადდა დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამაგრების სამუშაოები სარდაფის და საძირკვლების დონეზე სამუშაოების დროს აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. აღმოჩენების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.
“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია თბილისის ძველი უბნების გაცოცხლება, მისი განახლება, რეაბილიტაცია. თქვენ იცით რა მდგომარეობაა თბილისის ისტორიულ ნაწილში, არის ბევრი ძეგლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს დროულად შველას. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
ერთი პროექტი უკვე დავასრულეთ-ორბელიანის მოედანი. ვისურვებდი, ბევრი ასეთი სივრცე გაჩნდეს თბილისში, რადგან ეს ნიშნავს თბილისელებისთვის და ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალ კერას, მეტ დასაქმებულ ადამიანს და რაც მთავარია თბილისის იერსახის მოწესრიგებას,” – განაცხადა კახა კალაძემ.
გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.