თბილისი (BPI) – რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს.
პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით. თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს.
როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ის მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.
„რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც ყველამ გავიარეთ, მომავლის გეგმები ოპტიმისტური გვაქვს. ეს ალბათ, განპირობებულია იმ სიახლეებით, რასაც შევთავაზებთ მომხმარებელს. პირველ რიგში, ეს იქნება ახალი ლოკაცია, ახალი სივრცე, რომელსაც მალე შევატყობინებთ ყველას. რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული კარგი, ცოცხალი მუსიკისადმი,“ – ამბობს „ზაზანოვას“ დირექტორი.
„ზაზანოვა“ უკვე 9 წელია არსებობს. როგორც მარინა სალუქვაძე ამბობს, სტუმრების 80 პროცენტი ქართველია, 20 პროცენტი კი უცხოელი. პოსტ-პანდემიის პერიოდში ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის მიზნით, „ზაზანოვამ“ ჯაზ-ფესტივალი დააარსა.