კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ.
„რეკომენდაციების დადება ისეთი სტრუქტურის მიერ, როგორიც არის კონკურენციის სააგენტო – ძალიან მნიშვნელოვანია. 3 წელი მიდიოდა მონიტორინგი. არის ჩამოყალიბებული პუნქტობრივად რა, როგორ და სად. ამის ერთ მთლიანობაში მოყვანა, თუნდაც, იმ საკითხების რაც მეტნაკლებად ცნობილი იყო, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. კონკურენციის სააგენტომ გააკეთა ანალიტიკა და ახლა მისივე რეკომენდაციით უნდა მოხდეს თანამშრომლობა ჩვენთან.
ანგარიშში ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა თავი და მოვიდა დრო, რომ თითოეულმა მხარემ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რა მეთოდოლოგიით შევცვალოთ და რა მიმართულებებით წავიდეთ. ჩვენი მოლოდინით, სწორი მიდგომა მედიკამენტებზე დანახარჯებს წელიწად-ნახევარში 15%-20%-ით შეამცირებს. თუ ამას დაემატება, რომ პოლიფარმაციას ელექტრონული რეცეპტებით, გაიდლაინებით შევებრძოლებით, 3-4 წლის განმავლობაში რესურსი გვაქვს, 25%-30%-ით შევამციროთ მედიკამენტებზე დანახარჯები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია“,- განაცხადა გადაცემაში “ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად” ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა.
სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევანისა და ბრენდირებული მედიკამენტების ჯენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს და ამავე დროს იდენტურ სამკურნალო ეფექტს მიიღებდა.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების შესამცირებლად საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაა საჭირო. როგორც მარგველაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, მოქალაქეები ბევრს ხარჯავენ მედიკამენტებზე და ხშირ შემთხვევაში, მათი ნაწილი საერთოდ არ სჭირდებათ.
“პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები რა წამლებს უწერენ პაციენტებს და რამდენად ადეკვატურია ეს წამლები არსებული დაავადების სამკურნალოდ. ხარჯს ძალიან ზრდის არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების წნეხი ექიმებზე. მათი მხრიდან ხდება ექიმების ფინანსური მოტივაცია გამოწერილი მედიკამენტების სანაცვლოდ. ეს კი პირდაპირ კავშირშია პაციენტის ჯიბესთან. ეს მავნე პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს, რაც ძალიან მოკლე ვადაში მოგვცემს შედეგს და შეამცირებს ხარჯებს. სწორედ ამიტომაა საჭირო საკანონმდებლო ცვლილება“,- აცხადებს მარგველაშვილი.