რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს – ლევან დავითაშვილი

„ლარის კურსის დღევანდელი გაუფასურება გამოწვეულია, ძირითადად, ემოციური ფაქტორებით. ჩვენ ვთანხმდებით ეკონომიკურ გუნდში, მათ შორის ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, ჯერჯერობით, არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი „ტვ იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ლევან დავითაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე სფეროა, რომელსაც სჭირდება სტაბილური გარემო და სტაბილურობა აისახება, მათ შორის, ეროვნული ვალუტის სიმყარზეც და მის გაუფასურებაზეც.

„ჩვენ გვესმის, რომ ალბათ ბევრი პანიკური მოვლენა იყო და ამ შემთხვევაში ძირითადად და სამწუხაროდ, ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, ასევე ბიზნეს-აქტორები. რეგიონში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევა არის – რთული ვითარება, საომარი პირობები, მძიმე სანქციები და ბუნებრივია, ეს გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ იმ მოლოდინების შედეგად გაუფასურებული კურსი. ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს, პირიქით, უპრეცედენტო, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და სხვა მიმართულებითაც – სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რეკორდული იყო სავალუტო ტრანსფერები – 168 მლნ დოლარი იანვრის მონაცემებით. რაც არ უნდა სავაჭრო ჩავარდნაზე ვსაუბრობდეთ დღეს, რა თქმა უნდა, ის ვერ აისახებოდა ასე მყისიერად კონკრეტულ ეკონომიკურ რიცხვებში, პარამეტრებში. ამიტომ ეს არის ძირითადად ემოციური ფაქტორები, რომელსაც სჭირდება სწორი, კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიმშვიდისკენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გარშემო არსებულ პანიკას არ აყვნენ, რადგან ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი ძალიან ჯანსაღი და მყარია.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …