რა ცვლილებები განახორციელა სემეკმა სასმელი წყლის, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების წესებში

სემეკის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში სიახლეების შეტანით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“, ასევე „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებსა“ და „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“.

სემეკში განმარტავენ, რომ უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, წესებში განხორციელებული ცვლილების შედეგად სამივე სექტორში დაინერგა სისტემის ოპერატორების მიერ ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის სტანდარტი, კერძოდ, ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების საჭიროების
დადგენის მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია, განაცხადის რეგისტრაციისთანავე დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს სამივე სექტორის მსხვილმა ლიცენზიატებმა სემეკს წერილობით დაუდასტურეს აღნიშნული სიახლის დანერგვა მათი საწარმოს საქმიანობაში.

ამავე დადგენილებით „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ განხორციელებული ცვლილებით, შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე იკრძალება ახალი ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება, თუ მისაერთებელი ობიექტი მდებარეობს სანიტარული დაცვის ზონაში ან/და ისეთ ტერიტორიაზე, სადაც კანონმდებლობა სავალდებულოდ ითვალისწინებს მისაერთებელი ობიექტის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის დამუშავებას და ამ ობიექტის მიერ მოთხოვნილია ისეთი პარამეტრებით მიერთება, რომლის დაკმაყოფილებასაც არსებითი განახლების/განვითარების გარეშე არსებული წყალმომარაგების სისტემა ვერ უზრუნველყოფს. მოცემულ შემთხვევაში წყალმომარაგების სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებული ხარჯები ტვირთად აღარ დააწვება წყალმომარაგების ლიცენზიატს, რომელიც მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის წინსწრებით გადახდის შემდეგ უზრუნველყოფს წყალმომარაგების სისტემის გაძლიერებისთვის შესაბამისი ქსელის მშენებლობას.

გარდა ამისა, ამავე ცვლილებით დაზუსტდა, რომ წყალმომარაგების კომპანია პასუხისმგებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი პირველი ჭის ჩათვლით წყალარინების ქსელის მოვლაზე, მის ფლობასა და ექსპლუატაციაზე (აღნიშნული დაზუსტება არ ვრცელდება ისტორიულად ჩამოყალიბებული ე.წ. „თბილისური ეზოს“ კუთვნილ წყალარინების ქსელებზე), რითიც გამოსწორდა ის მავნე პრაქტიკა, რომლითაც წყალმომარაგების ლიცენზიატები ცდილობდნენ მათი პასუხისმგებლობის მომხმარებელზე გადაკისრებას და ე.წ. წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის ექსპლუატაციისა და საავარიო სამუშაოების თავიდან არიდებას.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გარდა აღნიშნული ცვლილებებისა კომისიამ, 2022 წლის 13 მაისის №22 დადგენილებით დაამტკიცა „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი“.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …