ქართული ბიზნეს სექტორი იმ ზიანს ითვლის, რომელიც ამ ეტაპზე მას ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით მიადგა.
დამსაქმებლებმა დასაქმებულების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ზოგ შემთხვევაში არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი პირობებიც.
იურიდიული კომპანია GLCC Law-ს პარტნიორი შალვა ცხაკაია იმ პირობებს განმარტავს, რომლის შემთხვევაშიც კომპანიების მხრიდან შრომითი ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ლეგიტიმურია.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ
შრომითი ურთიერთობები არსებულ ვითარებაში ჩვენი რეკომენდაცია იმეორებს მთავრობის რეკომენდაციას. ასეთ საგანგებო შემთხვევებში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის დიალოგის გზით კრიზისული პერიოდის გადალახვა და გარკვეულ საკომპრომისო თანამშრომლობაზე შეთანხმება, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ერთის მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ინტერესი და მეორეს მხრივ, ბიზნესის გადარჩენის ინტერესი. შესაბამისად, სასურველია საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დროებით, შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სთავაზობს დამსაქმებლებს, შემათანხმებელი დიალოგის წარმოებაში, მედიატორის როლის შესრულებასა და ამ კუთხით, ყველა საჭირო დახმარების გაწევას.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ასეთი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და თუ კონკრეტული ბიზნესის საქმიანობისთვის, ფორს-მაჟორული გარემოება უშუალო და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს და შეუძლებელს ხდის როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულთა მიერ ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, მხოლოდ აღნიშნული გარემოებების არსებობის ვადით.
იმავდროულად, კომპანიები ვალდებულნი არიან გააგრძელონ უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის, ასევე უფლებამოსილნი არიან, საგანგებო წესები დაადგინონ კომპანიაში საქმიანობისა და კომპანიის ტერიტორიაზე დაშვების შესახებ. აუცილებელია ასეთი წესები განთავსდეს თანამშრომლებისათვის თვალსაჩინო ადგილას ან/და დაეგზავნოთ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია გარკვეული სანქციების დაწესება შემოღებული წესების დარღვევის შემთხვევაში.
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა ბიზნესისთვის
ეპიდემიის დროს, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
საგანგებო მდგომარეობის დროს, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიც არის, მიმოსვლის თავისუფლება, ინფორმაციისა და ინტერნეტის უფლება, საკუთრების, შეკრებისა და შრომის უფლებები, რამაც შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს თქვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობაზე.
სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდეს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შეზღუდა კარანტინში და თვითიზოლაციაში გამწესებული პირების გადაადგილება და შესაბამისი ჯარიმებიც დააწესა სამართალდამრღვევთათვის.
ხელშეკრულების შეუსრულებლობა ფორს-მაჟორის საფუძვლით
მიუხედავად იმისა, გამოცხადებული არის თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, ეპიდემია შეიძლება იყოს განხილული, როგორც დაუძლეველი ძალა კომპანიისთვის და შესაბამისად, ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პერიოდში, კომპანია შესაძლოა გათავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისაგან. (სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა ჩაეთვალოს საპატიოდ). თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულის დასამტკიცებლად საკმაოდ მაღალი სტანდარტია დაწესებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით:
• დაუძლეველი ძალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა მტკიცებას საჭიროებს.
• დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის ურთიერთკავშირი შესაფასებელი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა დადგინდეს.
• მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი განსაკუთრებული მოვლენები, მხოლოდ მისი არსებობის პერიოდში, შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო გარემოებად.
როგორ დგინდება ფორს მაჟორი
ფორს-მაჟორული გარემოების დადგენა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ასეთი გარემოებების დამოწმება ხორციელდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი ფორს-მაჟორული გარემოების მოკლე აღწერას და დროის იმ მონაკვეთის მითითებას, რომლის განმავლობაშიც მოითხოვება გარემოების დამოწმება. ამასთან, აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფორს-მაჟორული გარემოების არსებობასთან. აღნიშნული დამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებების შეუსრულებლობის შემთხვევებში.
განცხადებას უნდა ერთვოდეს: ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია გარემოებები, რომლის დადგომის შემთხვევაში, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან და ყველა ის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ფორს-მაჟორული გარემოების გამომწვევი მიზეზები, ასევე, ზიანის რაოდენობა და მისი მიზეზობრივი კავშირი ფორს-მაჟორულ გარემოებებთან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განცხადებას განიხილავს 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დაადასტურებს ან დასაბუთებულ უარს იტყვის ფორს-მაჟორული გარემოების დადასტურებაზე. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღნიშნული დამოწმება, დამატებითი მტკიცებულება იქნება სასამართლოში, რადგან დავის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გარემოება ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.
შეცვლილი გარემოებებისათვის ხელშეკრულების მისადაგება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს შეცვლილი გარემოებებისათვის ხელშეკრულების მისადაგების შესაძლებლობას:
• თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
• მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მისადაგება სამართლებრივი შედეგით განსხვავდება ფორს-მაჟორისგან იმით, რომ ფორს-მაჟორი არის ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი, რა დროსაც ხელშეკრულება ჩერდება, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში წყდება. ხოლო შეცვლილი გარემოებების არსებობა არ არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი, ხელშეკრულების მხარეს შეუძლია მოსთხოვოს მეორე მხარეს არსებული ხელშეკრულების გარკვეული პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან.
მთავრობის მიერ და მათი ჩართულობით დადგენილი შეღავათები
დღეს განცხადებების და პრეს-რელიზების საფუძველზე არის ცნობილი ჩვენთვის იმ შეღავათების შესახებ, რომელიც დადგენილია ბიზნესის ზოგიერთი სექტორებისთვის:
• დღგ-ს არსებული ზედმეტობის დაბრუნების პირობა ყველა ბიზნეს სექტორისთვის;
• ტურიზმის სექტორში მოღვაწე საწარმოებს (სასტუმრო, ტურ-ოპერატორი, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურება, ტურისტების კვება, ტურისტების გართობის ობიექტები და სხვა). 4 თვის (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდებათ 1 ნოემბრამდე. საშეღავათო თვეებში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე;
• ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, ასევე ტურისტულ სექტორში მოღვაწე ყველა ბიზნესს, უმსხვილესმა კერძო ბანკებმა სესხების გადახდაზე დაუწესეს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. რაც გულისხმობს, როგორც სესხის ძირის, ასევე, საპროცენტო განაკვეთის გადახდის გადავადებას 3 თვით (მარტი, აპრილი, მაისი), თუმცა ამ პერიოდზე საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ბანკის მიერ ხდება.